იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყნის ისტორიის შექმნაში მონაწილეობენ და საზოგადოებას უყვარს, ინტერესი არასდროს ქრება. ამჯერად, იმ დიდი ცნობილი ქართველების ცხოვრების ეპიზოდების გახსენება გვინდა, ვინც დამსახურებულად მოიპოვა ხალხის საყოველთაო სიყვარული...
სესილია თაყაიშვილი
ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა ბავშვობიდან ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. ის პატარებისთვის შექმნილ საშინაო წარმოდგენებში 7 წლისა მიიწვიეს, - ყვავილისა და ანგელოზის როლი ათამაშეს, საიდანაც დაიწყო არტისტის თეატრალური ცხოვრების დიდი გზა.
120-მდე შესანიშნავი როლი, თუმცა მისი ოლღა ბებია (ნოდარ დუმბაძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით სცენასა და კინოში), ყველანაირ რეკორდს ხსნის. ზურიკელას ბებია უყვარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. როდესაც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა სესილია თაყაიშვილი ფილმში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ნახა, ასეთი რამ თქვა: "ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა, რომელიც ახლაც პროვინციაში ცხოვრობს."სესილიას არ უყვარდა საკუთარი თავის ფილმებში ხილვა და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: "არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა - მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი - მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება". ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მსახიობი ამბობდა: "არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი - რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა".
მისი მეუღლე მსახიობი ვასო გოძიაშვილი გახლდათ, რომლისგანაც ერთადერთი ვაჟი შეეძინა. ვასოს სესილია უყვარდა, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ერთმანეთს ექვსი წლის შემდეგ დაცილდნენ. სესილია სიამაყით ამბობდა: "მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნები". პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინახა და უკანასკნელ გზაზეც გააცილა.
სესილიას არც ხალხის შეწუხება უყვარდა და ამ ქვეყნიდან მიმავალმა ანდერძად დატოვა: "ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ. ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული? ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".
სესილია თაყაიშვილი 1984 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ჭაბუა ამირეჯიბი
მწერალი, შესანიშნავი რომანის "დათა თუთაშხიას" ავტორი ჭაბუა ამირეჯიბი საკუთარ "ავტოინტერვიუში" ასე წერდა: "მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი - ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში - აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი "ხეპრე" გვარში - თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე"...
დედ-მამა და ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ: მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს (1942 წელს დაბრუნდა). ბიძა შალვა ამირეჯიბი - ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში, ემიგრაციაში იყო, ამის გამო ჭაბუა სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც "არასწორად გაწვეული".
იმის გამო, რომ ის არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია - "თეთრი გიორგის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი იყო, 1943 წელს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით დააპატიმრეს და 25 წლის პატიმრობა მიუსაჯეს. მალე სასჯელი დახვრეტით შეუცვალეს. სიკვდილმისჯილთა საკანში სამ-თვენახევარი იჯდა და განაჩენი ისევ 25 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.
პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. დახვრეტა მეორედაც მიუსაჯეს, რაც ისევ შეცვალეს და ახალი ვადა დაუმატეს. ჯამში, 83 წელი ჰქონდა მისჯილი... პატიმრობის დროს მონაწილეობდა ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო იმ ყველაფრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
პატიმრობის 16 წელი ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში გაატარა. 1959 წლის დეკემბერში კი გადასახლებიდან დაბრუნდა.
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. 2013 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მწერალი 92 წლის ასაკში, თბილისში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მოამზადა ლალი ფაციამ