თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მერიამ პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლის ხარჯები დააფინანსა.
მათი ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც შიდაუწყებრივი მოკვლევაა დაწყებული.
"თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდი უფლებამოსილია გამოყოს ფულადი სახსრები, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა სახის მომსახურების დაფინანსების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსების მიზნით, შინაარსიდან გამომდინარე, განცხადებებს განიხილავს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შუამდგომლობს მერთან კონკრეტული მოქალაქისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე.
2015 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სწავლა 111 მოქალაქეს დაუფინანსდა. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდა 2 553 განცხადება.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება, საკითხთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც, დაწყებულია შიდაუწყებრივი მოკვლევა, კერძოდ, ჩნდება კითხვა, თუ რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მოკვლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით. შესაბამისი დასაბუთების არ არსებობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს ყველა ის პირი, ვინც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ: ნარმანიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრება დაუფინანსა - რა დოკუმენტი მოიპოვა ნიკა მელიამ