4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ გვიან საღამოს აიყვანეს.
საქმე აღძრულია 126-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახში არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე ან 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მამაკაცი წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული.
საქმეში სოციალური აგენტიც ჩაერთო და ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ძალადობის გამო მოზარდს ყურებზე, საფეთქელსა და ორივე ბარძაყზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოდან გაწერეს. აჭარის სოციალური სააგენტოს უფროსის თემურ ქარცივაძის განმარტებით, ძალადობის მსხვერპლი ამ ეტაპზე სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.