სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა არის ერთი რისკი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს.
კახიშვილის თქმით, რისკი მდგომარეობს იმაში, რომ "როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ავტონომიის მინიჭება არ უნდა მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო".
"ის, რომ 2008 წელს იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების გამოყოფა იმ მიზეზით მოხდა, თითქოს პროკურატურასთან ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად არ მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეც გაუქმების მომხრე ვიყავი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არსებობას დადებითი შედეგები მოჰყვა, იმისთვის რომ აღნიშნულ დარგს მყარი განვითარების საშუალება მისცემოდა. მართალია, ძალიან ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ალბათ, ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამაზე. მიმაჩნია, რომ დღეს ნამდვილად ვართ იმ დონეზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიფიქროთ. მე ვფიქრობ რომ სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა არის ერთი რისკი: როდესაც ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ავტონომიის მინიჭება არ უნდა მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო", - განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, "მაშინ სამინისტროში სამინისტრო არსებობდა".
"ამ მოდელით თუ წავალთ და იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახით უპორთფელო მინისტრი იქნება, ასეთ მოდელს არ ვეთანხმები. მაგრამ თუ სტრუქტურას კარგად დავალაგებთ, რატომაც არა. რაც უფრო შევკვეცავთ სახელმწიფო აპარატს მით უფრო ქმედითი გახდება სისტემა", - განაცხადა მინისტრმა.
კახიშვილის თქმით, "წინა ხელისუფლების შეცდომებიც გამოსწორდება და ის რაც გასაუქმებელია, გაუქმდება, რათა ქმედითი სახელმწიფო აპარატი მივიღოთ".
"როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ცალკე არსებობს, ხელმძღვანელის მხრიდან დარგის განვითარებას და რეფორმების გატარების უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. როდესაც ერთი ადამიანი, მინისტრის პორტფელით და პოლიტიკური წონით აღნიშნული დარგის განვითარებაზე მუშაობს შედეგი სულ სხვა იქნება და როდესაც ერთ-ერთ სამინისტროში, დეპარტამენტად არის, ის მეხუთე ხარისხოვნად განიხილება", - აღნიშნა მინისტრმა.