ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში მიემგზავრებიან. გუნდი "სოლარის" წევრები - გიორგი ნიორაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე ჟიურის წინაშე ინოვაციური პროექტით წარსდგნენ. ბიჭები მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის ინოვაციური ტექნოლოგიით გაზრდას, აპრილში უკვე საერთაშორისო სამიტზე გამოცდიან. კონკურსით და ქართველი მოსწავლეების წარმატებით ambebi.ge დაინტერესდა და ახლა თქვენც გაგაცნობთ მათ:
კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გიორგი მარგიანია. ის ლიცეუმში სწავლობს და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ინტერესი ტექნიკური საგნების მიმართ ბავშვობიდან აქვს. მიღწეულმა წარმატებამ კი მისი სამომავლო გეგმები მთლიანად ფიზიკას დაუკავშირა. სწავლის გაგრძელებას სან დიეგოს უნივერსიტეტში აპირებს და იმედოვნებს, რომ ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში მისი ვიზიტი, ცხოვრების მნიშვნელოვანი ტრამპლინი იქნება: "ბევრი ბავშვისთვისაა საოცნებო იქ მოხვედრა, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ეძლევა ამის შანსი. მიხარია, რომ ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, მე ეს შევძელი", - გვეუბნება გიორგი.
ბექა მიქაძე სერვანტესის სახელობის სკოლა გიმნაზია აია-GESS-ში სწავლობს და მომავალში ინჟინერ-პილოტობას აპირებს. აქამდე სხვა, უამრავ კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ მისი თქმით, მსგავსი განცდა და გამარჯვების ხიბლი არასდროს ჰქონია. აღნიშნავს, რომ ოთხთვიანმა თავდაუზოგავმა შრომამ და გუნდის თითოეული წევრის მონდომებამ შედეგი გამოიღო და იდეამ, მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენების შესახებ, ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ბექა იმოდევნებს, რომ "სოლარის" პროექტი საერთაშორისო კონკურსზეც ღირსეულად წარსდგება.
პროექტზე მუშაობისას ბიჭებს ბევრი წარუმატებელი ექსპერიმენტი და სირთულე შეხვდათ. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ჩიჩუა, რომელიც ბიჭებს თეორიულ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა.
კონკურსი "ათასწლეულების გამოწვევის ფონდის" მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამბობს, საქართველოში აღნიშნული კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა. წლევანდელი გამარჯვებული გუნდი "სოლარი" სფეროს ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. "პროექტი მზის პანელების გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას შეეხება. გუნდის წევრები 20 აპრილს ფლორიდაში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ 4-დღიან სამიტში, რომელიც ნასას კენედის ცენტრში გაიმართება", - აღნიშნავს მაღრაძე. მისი განცხადებით, ინოვაციების საერთაშორისო სამიტი მოსწავლეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდავს.
"მოგეხსენებათ, ნასას ტერიტორიაზე დაშვება მკაცრად შეზღუდულია. ამ ბავშვებს ექნებათ უნიკალური შანსი, დაათვალიერონ ბაზა, გაიცნონ არაერთი კერძო სექტორის წარმომადგენელი და არ გამოვრიცხავ, რომ პროექტით რომელიმე მათგანიც დაინტერესდეს", - აღნიშნავს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
ათასწლეულების ინოვაციის კონკურსში, რომლის მიზანიც 12-17 წლის მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის დისციპლინების პოპულარიზებაა, მონაწილეობა 62-მა გუნდმა მიიღო. ათი მათგანი კი ფინალში სხვადასხვა პროექტით მოხვდა.
ქრისტინე გამთენაძე
ambebi.ge
Four Georgian students to travel to NASA Kennedy Space Center