ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ინტერნეტით ბავშვებისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციაზე წვდომის საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს. დეპუტატი ამ კონტექსტში ყურადღებას პორნოგრაფიულ საიტებზე შეუფერხებელ წვდომაზე, შესაძლო ყალბ ტრანზაქციებსა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე ამახვილებს.
ხუნდაძემ დღეს კომიტეტს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც კანონპროექტს - "უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის" მოამზადებს. დეპუტატის თქმით, საკითხი არ არის პოლიტიკური და არის ის, რაც არა ერთ ქვეყანაში კანონით რეგულირდება.
"ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბავშვები იმ რისკებისგან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოხმარებას მოჰყვეს. ის რაც, უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონო უნდა იყოს ინტერნეტშიც. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის და გავრცელებისთვის. არსებობს ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მოეთხოვოთ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა მისი საზოგადოებისთვის მიწოდებამდე. ყველა წამყვან სახელმწიფოში არსებობს რეგულაციები, რომელსაც ექვემდებარება ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარება. ვფიქრობთ, ეს საკითხი დღეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ არ უნდა დააზარალოს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ბავშვის სწორად განვითარება და მათი დაცვა არსებული რისკებისგან", - განაცხადა ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე.