ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფლის შთამბეჭდავი ცხოვრების ისტორია

ფარაჰ ფეჰლევი - ირანის უკანასკნელი დედოფლის შთამბეჭდავი ცხოვრების ისტორია

თითოეული დედოფლის ისტორია თავისებურად უნიკალურია. ყველასთვის კარგად ნაცნობია დედოფალ რანიასა და გრეის კელის, პრინცესა ლეტიციასა და ლედი დიანას ისტორიები. დღეს ფარაჰ ფეჰლევის, ირანის დედოფლის, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქალის შესახებ მოგითხრობთ. 1959 წელს ირანის შაჰზე - მოჰამედ რეზა ფეჰლევიზე მისი ქორწინება მსოფლიო პრესის მთავარ თემად იქცა. ქორწილიდან 20 წლის შემდეგ, სამეფო ოჯახის იძულებითმა ემიგრაციამ, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ახალი ფურცელი გადაფურცლა...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეოკადრები დედოფლის ქორწილიდან

წარმოშობით აზერბაიჯანელი ფარაჰ დიბა 1938 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. ფარაჰი მდიდარი ოჯახიდან იყო, თუმცა მამის სიკვდილის გამო ოჯახი იძულებული გახდა თეირანში ფეშენებელური ვილა დაეტოვებინა და ნათესავებთან გადასახლებულიყო. განათლება მომავალმა დედოფალმა თეირანსა და პარიზში მიიღო.

სკოლის პერიოდში სპორტით იყო გატაცებული და საკალათბურთო გუნდის კაპიტანი გახლდათ. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ არქიტექტურით დაკავდა და პარიზში École Spéciale d'Architecture-ში დაიწყო სწავლა. სწორედ პარიზში, 1959 წელს ირანის საელჩოს მიღებაზე წარუდგინეს იგი შაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, როგორც ერთ-ერთი ირანელი სტუდენტი, რომელიც პარიზში სწავლობდა. თეირანში ისინი უკვე ერთად დაბრუნდნენ და 1959 წლის 1 დეკემბერს წყვილმა ქორწილის თაობაზე განაცხადა. მას შემდეგ ფარაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი ხდება. დედოფალმა შაჰს ოთხი შვილი გაუჩინა.

შაჰისთვის ეს მესამე ქორწინება გახლდათ. მისი პირველი მეუღლე ეგვიპტის პრინცესა ფავზია იყო, მეორე - სორაია ისფანდიარი-ბაჰტიარი - ნახევრად გერმანული წარმოშობის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ქალი.

1967 წელს ფარაჰი დედოფლად (შაჰბანუ) აკურთხეს. მაშინ აღმოსავლეთში ქალებს ასეთ უფლებას არ აძლევდნენ. თავიდან ფარაჰი სახელმწიფო საქმეებისადმი ინტერესს არ ავლენდა, მაგრამ მისი აქტიურობა 1970-იან წლებში დაიწყო. შაჰი და შაჰბანუ ირანის მოდერნიზირებას ცდილობდნენ. ფარაჰი ირანში მოდის ფუძემდებელი გახდა, ირანელებმა უცხო ენების სწავლა დაიწყეს, გოგონები საბალეტო სკოლაში დაჰყავდათ, პოპულარული გახდა დასავლეთში სწავლა. დედოფალი ირანის პროვინციებს ხშირად სტუმრობდა და ხალხთან ურთიერთობდა, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების მდგომარეობას აუმჯობესებდა. თუმცა, ყველაზე დიდ წარმატებას კულტურის სფეროში მიაღწია.

მისი ძალისხმევით ირანში ყველა ისტორიული ფასეულობა და შაჰების რელიკვია იქნა დაბრუნებული, ასევე ფარაჰმა აზიის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მუზეუმი შექმნა. დედოფალი ქალთა უფლებებს აქტიურად იცავდა. მისი მოღვაწეობის წყალობით დედოფალი ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დასავლეთშიც არანაკლებ პოპულარული გახდა, მეტიც, შაჰი და შაჰბანუ აღმოსავლეთის ულამაზეს წყვილად ითვლებოდნენ.

1979 წლის 4 იანვარს მოჰამედ რეზა იძულებული გახდა ოჯახთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. რევოლუციის შედეგად შაჰი ტახტიდან ჩამოაგდეს. "იმ დღის ყველაზე ძლიერი და მწარე მოგონება ჩემი ქმრის ცრემლებია თეირანის აეროპორტში, როდესაც ქვეყანას ვტოვებდით. მახსოვს, როგორ დაეცა მუხლებზე ერთ-ერთი ოფიცერი და ემუდარებოდა მას, დარჩენილიყო. ეს ჩემი ცხოვრების უმძიმესი მომენტი იყო", - იხსენებს ფარაჰ ფეჰლევი.

თავდაპირველად, მოჰამედ რეზა ეგვიპტეში გაემართა, შემდეგ მაროკოში, ბაჰამებსა და მექსიკაში ცხოვრობდა დევნილობაში. ირანის ისლამური მმართველობა მის ექსტრადირებას ითხოვდა. თანდათან ყოფილი მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას ლიმფომა აღმოაჩნდა. მოჰამედ რეზა 1980 წლის 27 ივლისს კაიროში გარდაიცვალა. დასაფლავებულია კაიროს მეჩეთში.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა სადათიმ შაჰის ოჯახს სასახლე გამოუყო. თუმცა, სადათის მკვლელობის შემდეგ ფარაჰმა ეგვიპტე დატოვა და ამერიკაში რეიგანის მიწვევით გაემგზავრა. 2001 წელს ფარაჰს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს, მისი ქალიშვილი, პრინცესა ლეილა ტრაგიკულად დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. 2011 წელს კი უმცროსმა ვაჟმა ალი რეზამ თავი მოიკლა.

ამჟამად, ირანის უკანასკნელი შაჰის ქვრივი, დედოფალი ფარაჰ ფეჰლევი ხან პარიზში, ხანაც კი ვაშინგტონში, უფროს ვაჟთან რეზა კირთან ცხოვრობს. ირანელი ემიგრანტების ნაწილი ვაჟს "შაჰს" უწოდებს, მამის სიკვდილის შემდეგ ის ფეჰლევის სახლის მეთაური და ირანის აწ უკვე არარსებული სამეფოს მემკვიდრე გახლავთ. დედოფალი მხარს უჭერს შვილს პოლიტიკურ მოღვაწეობაში, თუმცა ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ინტერვიუზე ხშირად არ თანხმდება.

ფარაჰი კვლავ გატაცებულია ხელოვნებით, ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, სპარსულ და აზერბაიჯანულ ენებს, მას დღემდე მიმართავენ როგორც "მის აღმატებულებას". იგი ირანის პირველი და უკანასკნელი დედოფალი და თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი გახლავთ. 2003 წელს ფარაჰმა წიგნი An Enduring Love: My Life with the Shah გამოსცა, რომელიც უმალვე იქცა ბესტსელერად.

ყველა უბედურების მიუხედავად, რაც ცხოვრების განმავლობაში თავს დაატყდა, მისი აღმატებულება სულის სიმტკიცეს და უკეთესი მომავლის იმედს ინარჩუნებს. სოლიდური ასაკის მიუხედავად (ის უკვე 77 წლისაა), ფარაჰი დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

ირანის მოდის

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს

"დღეს მთვარის 1-ლი დაბნელებაა" - რატომ შეარქვეს ასტროლოგებმა 2020-ს აპოკალიფსის წელი და რას შეცვლის მოსალოდნელი რეკორდული დაბნელებები

"ქმრით მანიპულირებს... მაინც დააშორა ძმები ერთმანეთს" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ჰარისა და მეგანის უარს სამეფო სტატუსზე