კედელი - ხელოვნური ბარიერი თავდაცვისა და არასასურველი ზემოქმედებისგან იზოლაციის ყველაზე მარტივი საშუალებაა. კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ასეთი ნაგებობა - ჩინეთის დიდი კედელი, ჩინური ცივილიზაციის დაცვისა და ჩრდილოეთიდან მოსული მტრის შეჩერებისთვის აიგო.
მსგავს ნაგებობებს დღესაც აშენებენ, თუმცა თავდაცვითი ბარიერის ნაცვლად, ისინი მეზობელი სახელმწიფოსგან იზოლირებისთვის გამოიყენება. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია. ხალხის უწყვეტი ნაკადის შეჩერებისა და საზღვრის საიმედო ჩაკეტვისთვის სირია-თურქეთის საზღვარზე ანკარამ კედლის მშენებლობა დაიწყო. თურქეთის აზრით, არასასურველი ლტოლვილების საკითხთან ერთად, ბეტონის ბარიერი მათ ქვეყანაში ტერორისტების შემოსვლას შეუშლის ხელს.
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, როდესაც კაცობრიობა სხვა პლანეტაზე წყლის კვალის აღმოსაჩენად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს, დედამიწაზე არასასურველი "მეზობლისგან" გამოყოფის ტრადიციულ საშუალებად კვლავ ბეტონის ბარიერი რჩება.
ბერლინის კედლის სხვადასხვა მხარეს მყოფი ორი ბავშვი ერთმანეთს ესაუბრება:
- მე ფორთოხალი მაქვს - ტრაბახობს დასავლეთ ბერლინელი ბიჭუნა
- ჩვენთან კი სოციალიზმია!
- მერე რა? თუ მოვინდომებთ სოციალიზმსაც ავაშენებთ!
- მასეთ შემთხვევაში, შენ ფორთოხალი აღარ გექნება...
დასავლეთისგან საკუთარი "კოლონიის" იზოლაციისთვის, უგუნური საბჭოთა ლიდერების მიერ აგებულ კედელს, ერთი ერი 28 წლის განმავლობაში ორად ჰყავდა გახლეჩილი.
კაპიტულაციის შემდეგ, აშშ-მა, სსრკ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა - გერმანიის დემილიტარიზაციასთან ერთად, მისი დროებითი ოკუპაცია გადაწყვიტეს. ერთად შეკრებილმა ოთხმა გამაჯვებულმა რუკას დახედა და ქვეყანა ოთხ ნაწილად დაყო. ნაწყენი რომ არავინ ყოფილიყო, ბერლინი, რომელიც საბჭოურ სექტორში მოხვდა, ანალოგიურად ოთხ ნაწილად "დაჭრეს". როგორც ჩანს, მაშინ შედეგებზე დიდად არავინ ფიქრობდა.
კედლის აგებამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს ღია საზღვარი ჰქონდა. რამდენიმე წელიწადში, ერთ დროს ერთიანი სახელმწიფოს ორი ნაწილი - დასავლეთი და აღმოსავლეთი - რადიკალურად შეიცვალა და აშშ-ისა და სსრკ-ის დაპატარავებულ მოდელებს დაემსგავსა.
აღმოსავლეთში, ისევე როგორც სსრკ-ში სამუშაო არ ჭირდა, მაგრამ ანაზღაურება მიზერული იყო. ცხოვრების დონე გაცილებით იაფი, ჯანდაცვა და განათლება კი საერთოდ უფასო იყო.
დასავლეთში ყველაფერი საპირისპიროდ იყო. აქ კვალიფიციურ სპეციალისტს ოქროს ფასი ჰქონდა. რიგითი ბერლინელები სიტუაციაში მალე გაერკვნენ - დასავლეთში მუშაობა და აღმოსავლეთში ცხოვრება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აღმოჩნდა. თუმცა "ზემოთ" სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ.
1961 წლის 13 აგვისტოს, ღამის 1 სთ-ზე ბერლინის ქუჩებში გამოჩენილმა 25 ათასმა სამხედრომ, ქალაქში გამავალი საზღვარი კონტროლ ქვეშ აიყვანა. სამხედროებს მშენებლები მოჰყვნენ, რომლებმაც ბეტონის ბლოკებით კედლის აგება დაიწყეს.
15 აგვისტოს, 28 წლით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინი კედლით გაიყო. შეწყდა საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. საბჭოთა სექტორი დასავლეთისგან იზოლირებული გახდა.
მრავლად იყო შემთხვევები, როდესაც ერთი საცხოვრებელი სახლის ფანჯრები დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც უყურებდნენ. გაქცევის ფაქტების მომრავლებასთან ერთად, ასეთი სახლებიდან ხალხი გაასახლეს, ფანჯრები კი ამოაშენეს. შემდგომ "მკვდარი ზონის" გაფართოებისას, ყველა ასეთი შენობა დაანგრიეს. კედლის მიუხედავად, საბჭოთა ბლოკიდან დასავლეთ სექტორში ხალხი მაინც გარბოდა. სხვადასხვა წყაროებში მოყვანილი ციფრებით, კედლის გადალახვის მცდელობას 125-დან 645-მდე ადამიანი შეეწირა.
ბერლინის კედლის დაცემა მხოლოდ დროის ამბავი იყო. ვარშავის პაქტის ქვეყნებს და სსრკ-ს წყალი შეუდგა. ოდესღაც ძლიერი რეჟიმი, რომელიც ბუდაპეშტსა და პრაღაში ტანკებს აგუგუნებდა, შესუსტდა. "გლასნოსტმა და პერესტროიკამ" სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში შეუქცევადი პროცესები გამოიწვია. დასავლეთში მოსახვედრად, ათასობით აღმოსავლეთ გერმანელმა უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის საელჩოებს მიაშურა. ბერლინის კედელმა ფუნქცია დაკარგა.
გერმანიის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი 1989 წლის 9 ნოემბერს დადგა. კედელი, რომელიც 28 წელი 2 თვე 27 დღე იდგა, დაეცა.
აშშ-მექსიკის საზღვარზე ბეტონის, რკინის ცხაურების და მავთულხლართების 3165 კმ-ის სიგრძის და 3-4,5 მ-ის სიმაღლის კედელია აღმართული. ამ გზით მსოფლიო დემოკრატიის მთავარი დამცველი მეზობელი მექსიკიდან ლტოლვილების უკანონო შეღწევისა და ნარკოტიკების ნაკადის შემცირებას ცდილობს.
ბარიერის აგება 1993 წელს დაიწყეს. პატრულების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საზღვრის გასწვრივ ჯერ რკინის მესერი, შემდეგ კი ბეტონის კედელი გაავლეს. 2006 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსმა სპეციალურ განკარგულებას "კანონი უსაფრთხო კედლის შესახებ" მოაწერა ხელი. დოკუმენტი ახალი კედლის მშენებლობას და საზღვრის კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებდა. ხელოვნურ ბარიერს ვიდეო კამერები და ინფრაწითელი სენსორები, ჰაერიდან კი შვეულმფრენები და უპილოტო თვითმფრინავები აკვირდებიან. 2008 წელს ჟურნალმა Times-მა ამერიკა-მექსიკის სასაზღვრო კედელს "ამერიკის დიდი კედელი" უწოდა.
1994 წელს იერუსალიმსა და თელ-ავივში ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ, ისრაელის მოსახლეობამ პალესტინისგან გამიჯვნა მოითხოვა. პრობლემატურ საზღვარზე პირველი ბარიერი იმავე წლის ბოლოს გაჩნდა. ბეტონის კედლის მშენებლობა 2000 წელს მომხდარი თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შემდეგ დაიწყეს. კედელი ისრაელის სახელმწიფოს მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირისგან მიჯნავს. მისი სიგრძე 703 კმ-ია. კედლის მხოლოდ 10% 8 მ-ის სიმაღლის ბეტონის კონსტრუქციებისგანაა აგებული. დანარჩენ ნაწილზე რკინის მესერია გაჭმული.
კედლის მშენებლობამ პალესტინაში დიდი პროტესტი გამოიწვია. პალესტინელების მტკიცებით, კედლის მშენებლობისას ებრაელებმა მათი მიწები მიითვისეს და მათი დასახლებები შუაზე გახლიჩეს. ებრაული მხარის მტკიცებით, კედელმა მათ მოსახლეობაზე თავდასხმების რიცხვი შეამცირა.
ეს ქვეყნებსა და ერებს შორის აგებული ხელოვნური ბარიერების მხოლოდ მცირე მაგალითია. პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე 2400 კმ-ის სიგრძის ბარიერია აღმართული. 2014 წელს საუდის არაბეთი მეზობელ ერაყს 900 კმ-იანი კედლით გაემიჯნა. კედელი ყოფს უზბეკეთსა და ტაჯიკეთს. ასევე ტაილანდსა და მალაიზიას. უსაფრთხოების მიზნით ჩრდილო ირლანდიის კათოლიკე და პროტესტანტი მოსახლეობა ერთმანეთისგან კედლით არიან გაყოფილნი.
შორს რომ არ წავიდეთ, ოკუპირებულ ტერიტორიებს ჩვენც მავთულხლართებისგან აგებული ბარიერები გვაშორებს.
ნუკრი მგელაძე
AMBEBI.GE