გურამ პეტრიაშვილის მთავარ როლში - დებიუტი სცენაზე

გურამ პეტრიაშვილის მთავარ როლში - დებიუტი სცენაზე

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში დიდი სამზადისია, - ისეთ სპექტაკლზე მუშაობენ, ჯერ რომ არ ყოფილა ქართული თეატრის სცენაზე.

"ქუჩაში რომ ბავშვი წაიქცევა და მუხლები გადაუტყავდება, მგონია, იმ ადგილას მუხლები მეც გადამიტყავდა. მტკივა და ხელს ვისვამ. ზღაპრებს ბავშვებისთვის ვწერ და კიდევ იმ დიდებისთვის, რომლებშიც ბავშვი ცოცხლობს. სანამ ეს ბავშვია ჩვენში, მანამდე ვართ ადამიანები, როცა ეს ბავშვი აღარ იქნება, მაშინ ჩვენც აღარ ვიქნებით ადამიანები..." - ამ სიტყვების ავტორი მწერალი გურამ პეტრიაშვილია, რომლის ზღაპრებს რეჟისორები - ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი დგამენ.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ სპექტაკლში "ჩემი ქალაქის ზღაპრები" მთავარ როლში თავად ზღაპრების ავტორი, ბატონი გურამი მონაწილეობს. მთხრობელი გახლავთ, მთავარი მეზღაპრე.

თეატრში სპექტაკლს ასე წარადგენენ:

"ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს - პირველად ქართული თეატრის სცენაზე ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მეზღაპრის - გურამ პეტრიაშვილის გმირები გაცოცხლდებიან, პატარა ქალაქის სასწაული ამბები, ჟირაფად გადაქცეული კეთილი დინოზავრი, ცისარტყელაზე მოსიარულე თეთრსულელა, ნაღვლიანი კლოუნი და ბავშვები, რომლებიც ყოველთვის მეგობრებზე ოცნებობენ. იმაზე, ვისთან ერთადაც ითამაშებენ, ვისაც თავის ფიქრებს გაანდობენ".

- გურამ პეტრიაშვილის კინოროლები მაყურებელს კარგად ახსოვს, მაგრამ მისი სცენაზე გამოჩენა მართლაც პირველი შემთხვეაა... რას გვეტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით?

ირაკლი გოგია, თეატრის სახმატვრო ხელმძღვანელი, სპექტალის რეჟისორი:

- დიახ, ეს ბატონი გურამის სცენაზე გამოსვლისა და საერთოდ მისი ზღაპრების დადგმის პირველი მცდელობაა. ეს ამბავი მწერალთან ერთად ჩავიფიქრეთ, მისი სურვილი იყო, რომ მეზღაპრის როლშიც, სცენაზე თვითონ წამდგარიყო.

მოგეხსენებათ, ის 25 წელი ემიგრაციაში იყო, შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ მაინც მივიწყებული გახლდათ, ბოლო ორი წელია, რაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა.

ჩვენი დამოკუდებულება კი ასეთია, პიროვნებები, რომლებსაც ქეყნის აშენებაში მონაწილეობდნენ, ღვაწლი აქვთ, არ უნდა იყვნენ დავიწყებულ-მიგდებულები. ბატონ გურამი, არის მწერალი, რომელსაც მინიმუმ, საქართველოს კონსტიტუციაზე აქვს ხელი მოწერილი. ამასთან, არც მხოლოდ ერთი წიგნის ამარა უნდა იყოს.

ამ წარმოდგენის დადგმის მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც იყო, რომ წიგნის მაღაზიაში შეიძლება ვერც კი ვიშოვოთ მწერლის ზღაპრები. ფაქტობრივად, ბესტსელერად იქცა, ტირაჟის დაბეჭდვისთანავე მაღაზიაში აღარ არსებობს. მოკლედ, ეს ყველაფრი გავაერთიანეთ და კიდევ, მისი არტისტული შესაძლებლობებიც გამოვიყენეთ. მისი ნამუშევრები ხომ ქართულ კინოში მარგალიტებადაა გაბნეული?

ასე რომ, სცენაზე პირველად წარსდგება, თან, ამ ასაკში და ძალიან ნერვიულობს. უნდა გითხრათ, რომ სპექტაკლზე მუშაობისას დრო საკმაოდ საინტერესოდ გადის. ზოგადად საინტერესოა, როდესაც ავტორი რეპეტიციაზე გესწრება, ჩვენთან კი ის შემთხვევაა, როცა სპექტაკლში უშუალოდ მონაწილოებს... თან, მართლა საინტერესო პრეცედენტი შეიქმნა, - ის ატმოსფერო, რაც მის ზღაპრებშია, ფაქტობრივად, ისევე გადადის სცენაზე.

- პრაქტიკულად, მისგან მუდმივ კონტროლში ხართ...

- კი, მუდმივ კონტროლში ვართ, - თუ სადმე რაღაც დაირღვა, ან შეგვეშალა, იქვეა და გაგვისწორებს. თან, თვითონ რომ მონაწილეობს, ამ ყველაფერს საოცარ ტემპს აძლევს და განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება.

ისეთი ზღაპრები შევარჩიეთ, ზოგი რომ 30 წლის წინ არის დაწერილი, სადაც ის ადამიანური ურთიერთობები, ფასეულობებია ნაჩვენები, რაც დღეს დაკარგულია, გადაფასებულია და მას მერე ახალიც ვერ შეიქმნა. ამიტომ, გვინდა, პატარა მაყურებელი და არა მარტო ისინი, ჯადოსნურ სამყაროში გადავიყვანოთ. ეს არ არის ანდერსენის, ან შარლ პეროს სალაპარაკო ენა, არამედ ძალიან ჩვენებური, ადვილად გასაგები გურამ პეტრიაშვილის ენაა.

ვსაუბრობთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ჩვენს ქალაქში ხდებოდა, ასეთი ადამიანური ურთიერთობები აქ არსებობდა... დღეს კი ხალხი მხოლოდ იმას ფიქრობს, არჩევნებიდან არჩვენებამდე რა ჭამოს, როგორ იცხოვროს...

- როგორია გურამ პეტრიაშვილთან ერთად მუშაობა?

- როგორი კეთილშობილური ზღაპრებიც აქვს, ისეთივე კეთილშობილი პიროვნებაც არის. აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებთან ძალიან ადვილია სცენაზე თანამშრომლობა და თუნდაც, ომში წასვლა. ოღონდ, არასდროს აქვს და ჰქონია ბატონ გურამს მწერლურ-დარამატურგიული პრეტენზიები...

- მასთან ერთად სცენაზე ბევრი მსახიობი გყავთ დაკავებული?

- თამაშობენ ჩვენი თეატრის როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები: ვაჟა ციცილოშვილი, ნელი ბადალაშვილი, გიგი მიგრიაული, იუკა ვასაძე, გიორგი ცხადაძე, თინა გვაზავა, ნინო ციმაკურიძე, ვერონიკა კალანდარიშვილი, გუგა კალანდაძე.

- ბატონი გურამი მხოლოდ წამყვანია, თუ დიალოგები პერსონაჟებთანც უწევს?

- კი, პერსონაჟებთან დიალოგში ჩვეულებრივად შედის. ის თეატრში საყვარელი ბაბუა გახდა. მასაც აღარ შეუძლია ჩვენ გარეშე და ჩვენც ვერ ვძლებთ უკვე უმისოდ. როდესაც თეატრში არ არის, მისი ნაკლებობა გვაქვს.

- სამუშაო რა ეტაპზეა?

- თითქმის ყველა სცენა დადგმულია და ტექნიკუარდ არის რაღაც დეტალები დასახვეწი. პრემიერა 20, 21 თებერვალს გვაქვს დაგეგმილი. სპექტაკლის მხატვარი მარიკა კვაჭაძეა, კომპოზიტორი - მინდია ხითარიშვილი. ორივემ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება