"ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. დეფიციტის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
რამდენად დგას საფრთხის ქვეშ აფხაზური მხარის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, კომენტარისთვის ენერგეტიკოს გია არაბიძეს ვთხოვეთ: "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლება აფხაზებისთვის ეს მართლაც დიდი პრობლემაა და ამით მართლაც შეექმნებათ ელექტრო-ენერგიის დეფიციტი. პრაქტიკულად შეუძლებელია მათ რუსეთიდან მიიღონ ენერგია. კი, არსებობს სოჭის 220-იანი გადამცემი, თუმცა აქედან ელექტრო-ენერგიის მიღება ძალიან პრობლემატური იქნება, შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კი, ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა რჩება საქართველო.
- ანუ გამოდის აფხაზური და ქართული მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ?
- დიახ, ეს აუცილებელია და ეს უნდა იყო წმინდად ენერგეტიკოსების მოლაპარაკების საგანი, რადგან აფხაზებთან სრული გაგება და ურთიერთობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში გვაქვს. ჩვენ ამ საქმის სპეციალისტები ძალიან იოლად ვსაუბრობთ ერთმანეთთან, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ეს მოლაპარაკებაც ენრგეტიკოსებს შორის და თუ აფხაზურ მხარეს რამე პრობლემა ექმნება ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ისეთივე ნაწილია, როგორც იმერეთი და თუ იმერეთს აქვს ელექტრო-ენერგიის პრობლემა უარი უნდა ვუთხრათ დახმარებაზე?!
- ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა რამდენად სწორი იქნება?
- ეს იქნება ძალიან ცუდი, თუ ჩვენ ამას პოლიტიკას მივაბამთ სიტუაციას დავძაბავთ და ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ, ენერგეტიკოსები პოლიტიკის გარეშე ძალიან კარგად ვურთიერთობთ და ამ თემის პოლიტიზირება ამ ურთიერთობას აუცილებლად გააფუჭებს. ერთ მაგალითს გეტყვით - როცა ჩვენ აფხაზეთიდან წამოვედით და როცა აღარაფერი არ ფუნქციონირებდა, ერთადერთი რამ რაც მუშაობდა იყო საბერიოში მდგარი ენგურ-ჰესის სადგური, სადაც თანამშრომელთა 99% იყო ქართველი. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა ეს სადგური და აფხაზურ მხარეს არავითარი პრობლემა არ შეუქმნია მათთვის. დანაშაულია იმის თქმა - ჩვენი გამომუშავებული დენი რა უფლებით უნდა მივაწოდოთ აფხაზეთს. აუცილებლად უნდა მივაწოდოთ რადგან ეს ჩვენი ტერიტორიაა!
- ენგურზე წყლის დეფიციტი, მთლიანი ქვეყნის ენერგოსისტემაზე თუ მოახდენს გავლენას?
- ჩვენ ამ ყველაფრის დაბალანსების საშუალება გვაქვს, რადგან გარდაბანში აშენდა 340 მეგავატიანი თბოელექტრო სადგური, გარდა ამისა სრული დატვირთვის იმუშავებს სხვა სადგურებიც, იმუშავებს მესამე, მეოთხე ბლოკები და სხვ. ასე რომ ჩვენ გვაქვს საშუალება და რეზერვები რომ ეს დეფიციტი შევავსოთ, რასაკვირველია ეს ყველაფერი ენგურ-ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტრო-ენერგიაზე გაცილებით ძვირი იქნება, მაგრამ ჩვენი ვალია ეს დავარეგულიროთ.
- ცნობილია, რომ თუ არიქნება წყალუხვობა, მაშინ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს. თუ ყოფილა აქამდე მსგავსი პრეცედენტი?
- წყლის ნაკლებობის გამო ტურბინები გაგვიჩერებია, რადგან თუ გარკვეულ სიმაღლეზე ქვემოთ მოხდა წყლის დამუშავება, იქნებ საშიშროება რომ ტურბინა ჰაერს ვერ აიღებს და ვერ მოხდეს ჰიდრავლიკური დარტყმა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ მინიმალურ დონეს.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE