"თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ, - ამის შესახებ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორმა ზურაბ კიკნაძემ ციხისძირში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზურაბ კიკნაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის აქვს და დოკუმენტაციას წარადგენს "სადაც საჭირო" იქნება. მისივე განმარტებით, მხოლოდ ერთი საბუთი არ აქვს მიწის კერძო მესაკუთრისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.
მისივე განმარტებით, ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები: "ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაცია. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების დასათვალიერებლად იყო მისული. ადგილზე მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ხეების გადატანა ციხისძირიდან შეკვეთილში იგეგმება, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ და ითხოვენ სამუშაოების წარმოების შესაბამის დოკუმენტაციას.