იტალიის ქალაქ ლივორნოში მოკლული ზვიად ხურციძის ოჯახი ფინანსური პრობლემების გამო, ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი 2016 წლის 7 თებერვალს მოკლეს.
ზვიად ხურციძე რამდენიმე თვის წინ ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა იტალიაში, 7 თებერვალს კი ალბანელებმა მოკლეს, როგორც მოკლულის ნათესავები ამბობენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ოჯახმა დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უარი მიიღეს, იმ მიზეზით რომ გარდაცვლილის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველების რიგებში.
"დაზარალებულმა ოჯახმა ასევე მიმართა ქუთაისის მერიას, სადაც გარდაცვლილი იტალიაში გამგზავრებამდე ცხოვრობდა. მერიამ გარკვეული თანხა გამოყო, მაგრამ ის საჭირო თანხასთან შედარებით არასაკმარისია. გარდაცვლილის ოჯახი ვერ ახერხებს ცხედრის გადმოსვენებას და დახმარებას ითხოვს," - განაცხადა ოჯახის ნათესავმა, ვალერი სოხაძემ.