როგორ ხდებიან საქართველოში მოსამართლეები - ყველა საინტერესო დეტალი ქართული სასამართლო სისტემის შესახებ

როგორ ხდებიან საქართველოში მოსამართლეები - ყველა საინტერესო დეტალი ქართული სასამართლო სისტემის შესახებ

მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტების და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტები გაასაჯაროვა, ამას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ახვლედიანის განცხადებას "საგანგაშო" უწოდა იუსტიციის მინისტრმა. არასამთავრობოებმა კი არ გამორიცხეს, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს შეიცავდეს. იმის გასარკვევად, თუ რა უნარებია საჭირო საქართველოში მოსამართლედ დანიშვნისთვის, AMBEBI.GE იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

სასამართლო სისტემა საქართველოში

"საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. არის გამონაკლისიც, როცა საგანგებო მდგომარეობის დროს მართლმსაჯულების სისტემაში შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო, ეს შეიძლება იყოს სამხედრო სასამართლო. მართლმსაჯულების სისტემის შიგნით იერარქიულად სამი ინსტანციაა: პირველია საქალაქო სასამართლო, რომლის გავლის გარეშეც უმრავლეს შემთხვევაში დავა ვერ წარიმართება. მეორე არის სააპელაციო, რომელიც სულ ორია საქართველოში - ქუთაისის და თბილისის, რომლებიც იხილავენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე შესულ საჩივრებს. მესამე ინსტანცია არის საკასაციო სასამართლო, რომლის ფუნქციებსაც ასრულებს უზენაესი სასამართლო".

რა უნარებია საჭირო მოსამართლედ დანიშვნისთვის

"კონსტიტუცია განსაზღვრავს მოსამართლის მიერ თანამდებობის დაკავების მინიმალურ სტანდარტს, ეს არის ასაკი - 30 და მეტი წელი, განათლება - სავალდებულოა იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული მინიმალური სტანდარტი, თუმცა არა საკმარისი. ამის გარდა, კონსტიტუციით განსაზღვრულია იუსტიციის საბჭო, რომელიც აწესრიგებს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის ან გათავისუფლების საკითხებს. შესაბამისად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონმა უკვე განსაზღვრა, რომ მინიმალური სტანდარტის გარდა სავალდებულო იქნება ე.წ. დამატებითი პროფესიული უნარების შეძენისთვის განათლების კურსის გავლა, მაგალითად, იუსტიციის სკოლაში კურსის გავლა და უკვე ამის შემდგომ შესაძლებელია ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში თანამდებობის შევსება კონკურსის სახით, ხოლო საკონსკურსო პირობები კანონით და იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. მოსამართლეს ნიშნავს იუსტიციის საბჭო. თუმცა, ეს არ ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

უზენაესი სასამართლო

"კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს წარადგენს პრეზიდენტი, თუმცა ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა, განსხვავებით ქვედა ინსტანციების მოსამართლეების უფლებამოსილების ვადისგან, კონსტიტუციურად, მკაფიოდ არის განსაზღვრული და არის ათი წელი".

შეუძლია თუ არა მოსამართლეს გახდეს პირდაპირ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

"თუ მოსამართლე კონსტიტუციით განსაზღვრულ მინიმალურ პირობებსა და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგალითად, გავლილი აქვს იუსტიციის სკოლა და ჩაბარებული აქვს გამოცდა, ის მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და შესაბამისად შეუძლია მოხვდეს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. მაგრამ კონკურსის წესით თანამდებობაზე გამწესება, თუ სხვა ე.წ. კანონით გათვალისწინებული რეგულაციები შეეხება მხოლოდ პირველ და მეორე ინსტანციებს და არა უზენაეს სასამართლოს, რადგან უზენაეს სასამართლოში მოხვედრა შეუძლია იმ ადამიანსაც, ვინც მოსამართლე არასდროს ყოფილა".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია