"დარწმუნებული ვარ, "ელიტ ელექტრონიქსს" დავიბრუნებთ" - ანზორ ქოქოლაძის გზა ბიზნესიდან ციხემდე და ციხიდან ახალ ბიზნესამდე

"დარწმუნებული ვარ, "ელიტ ელექტრონიქსს" დავიბრუნებთ" - ანზორ ქოქოლაძის გზა ბიზნესიდან ციხემდე და ციხიდან ახალ ბიზნესამდე

მისი პირველი მცდელობა ბიზნესში 20 დოლარით დაიწყო. შემდეგ იყო აუდიო და ვიდეო კასეტებით ვაჭრობა ბათუმის ბაზრობაზე. შემდეგ, კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსი" და ციხეში გატარებული წელიწადზე მეტი - "PLITRANEWS"-ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ" ამჯერად "ტექნო ბუმისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელს, ანზორ ქოქოლაძეს უმასპინძლა.

როგორია ანზორ ქოქოლაძის ბიზნესისტორია და რატომ იყო შესაძლებელი მისი პატიმრობის დროს ციხეში ბიზნესფორუმის მოწყობა, ამის შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა "ბიზნესპერსონაში" ისაუბრა.

- ბევრისთვის ალბათ აღმოჩენა იქნება ის, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში სულ რაღაც 20 დოლარით დაიწყო. რა იყო ეს პირველი მცდელობა?

- ჩემი ისტორია არაფრით განსხვავდება წარმატებული თუ ნახევრად წარმატებული სხვა ადამიანის ისტორიისგან. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ის ბიზნესში, მედიცინაში, ჟურნალისტიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ალბათ ყველა ასე იწყებს, თუ მემკვიდრეობით არ ერგო ან ლატარიაში არ მოიგო. სხვა შემთხვევაში ყველა ისტორია მსგავსია. ჩემი ისტორიაც ანალოგიური იყო. მე არც გაჭირვებულ, არც მდიდარ ოჯახში გავზრდილვარ. საშუალო დონის ოჯახში გავიზარდე, ყოველ შემთხვევაში არსებობის პრობლემა არ გვქონია, თუმცა არც ზედმეტი გვქონდა. მამა ადრე გარდამეცვალა, ამიტომ იძულებული ვიყავი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. 5 დედმამიშვილი ვიყავით, სამი და მყავდა, მე უფროსი ბიჭი ვიყავი, აქედან მოდიოდა პასუხისმგელობის გრძნობა: 9 წლის უკვე უფროსი კაცი ვიყავი. შუალედური პერიოდი არ მქონია. 9 წლიდან, შინაგანად, უცბად გავხდი 20 წლის. სკოლის დროს ბიზნესის მიმართ ბუნებრივი განწყობა მქონდა. თუმცა ტერმინები - მარკეტინგი, მენეჯმენტი არ ვიცოდი.

- რა საქმე დაიწყეთ 20 დოლარით?

- ჩამოვაყალიბეთ პატარა ფირმა. ჯიხური გავაკეთეთ, სადაც სავალუტო ოპერაციები იყო, მერე კასეტების გაყიდვები დავიწყეთ. სხვადასხვა მცდელობები იყო. ეს 20 დოლარი ფირმის რეგისტრაციისთვის გვჭირდებოდა. დანარჩენი, ბევრი არ იყო საჭირო.

- პირველი შემოსავალი გახსოვთ?

- 20 დოლარი ეს დიდი ფული იყო. შეიძლება დღეს აღქმა სხვანაირია. სტუდენტისთვის, რომელსაც 2 დოლარი ედო ჯიბეში და ორი თვე ატარებდა, 20 დოლარი დიდი თანხა იყო. იმავე 20 დოლარით ერთ კვირაში, შეიძლება 100 დოლარი გამოიმუშაო, ეს იყო ძალიან დიდი. იმის საფრთხე, რომ საკუთარი შესაძლებლობებით მოიხიბლო, მაღალია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ყველა ადამიანს აქვს ამის საფრთხე და მეც მქონდა, მოვიხიბლე - რა ჭკვიანი ვყოფილვარ და ეს არ მცოდნია-მეთქი.

როცა ეს შეგრძნება ეუფლება ადამიანს, იქ უკვე სრულდება მისი წარმატება. უკვე საცობში მოხვდა. ეს გაკვეთილი ბევრჯერ გავიარე. არ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ რაღაც განსაკუთრებულად შეძელი. კარგად გამოგივიდა? - ეს ძალიან კარგია, უფლის შეწევნა რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მთლიანად ჩვენს შესაძლებლობებსა და უნარებზე არ უნდა მივიწეროთ. ბუნებრივია, ჩვენი მოტივაცია, ჩვენი ბრძოლისუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერი წარმატებული ჟურნალისტი, ექიმი ან პოლიტიკოსი რომ ავიღოთ, ყველაგან ერთ რამეს დავინახავთ: მოტივაცია მაღალი ჰქონდა. წარმატების საერთო ნიშანი მაღალი მოტივაციაა.

- პირველი წაგება, პირველი ზარალი თუ გახსოვთ ბიზნესში?

- სტუდენტობის პერიოდში ყოველი მცდელობა იყო წარუმატებლობის კასკადი. პირველი წარმატების შედეგად ნაშოვნი სამი ათასი დოლარიც დაიკარგა სხვადასხვა ბიზნესის წამოწყების დროს. თუმცა მგონია, რომ ყველა წარუმატებლობა სასარგებლოა. ყველა ვარდნა არის სასარგებლო, თუკი ადგომის სურვილი გაქვს. ყველაზე ცუდია, როცა ჩავარდები ტალახში და ადგომა აღარ გინდა. ყველა ეტაპზე, მადლობა უფალს, არ მქონია ის შეგრძნება, რომ წავიქეცი და რაღა აზრი აქვს ადგომას. მაგალითად, ერთ-ერთი დიდი ბიზნესმენი იყო გერმანიაში, 12 მილიარდი კაპიტალი ჰქონდა დაგროვილი. 72 წლის ასაკში დაკარგა 10 მილიარდი. ჩათვალა, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა, მატარებელს შეუვარდა და თავი მოიკლა. ბუნებრივია, ძალიან შემეცოდა, მაგრამ 100 წლის ასაკშიც, ყველაფერი რომ დაკარგო და კიდე ერთი იმდენი ვალი გქონდეს, აზრი ყოველთვის აქვს. ეს განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და როცა რაღაც პესიმიზმი შემეპარება, ვცდილობ, ეს განწყობის საფუძველი ვიპოვო. ძალიან მძიმეა, როცა ვერ აღწევ რაღაც წარმატებას, როცა ვალი გაქვს, როცა მევალე გაწუხებს - ბუნებრივად, შინაგანად გაწუხებს, როცა ვალდებულება გაქვს და შენ არ ასრულებ. მაგრამ ყოველი მომდევნო ნაბიჯი გაძლევს პასუხისმგებლობის შეგრძენაბს, რომ შენ შენი ნაბიჯით შეიძლება სხვა დააზარალო. ეს შეგრძნება ბევრჯერ მქონია, ამიტომ ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა იზრდება. რას მაძლევს წარუმატებლობა: ერთი, რომ პასუხისმგებლობის გრძნობას მიზრდის, უფრო ფრთხილი უნდა ვიყო. საკუთარი თავის დაზიანების უფლება გაქვს, მაგრამ სხვა არ უნდა დააზიანო. მეორე, გაძლევს გამოცდილებას - სად დაუშვი შეცდომა, რომ ის გამოასწორო. თუმცა, შეცდომები ნაკლებად მეორდება. ერთი და იგივე მოვლენა არ მეორდება. განსხვავებული მოვლენაა და განსხვავებულ პერიოდში განსხვავებული ნაბიჯის გადადგმა გიწევს.

- ამ წარუმატებლობის შემდეგ იყო "ელიტ-ელექტრონიქსი"? თუ მანამდეც იყო გარკვეული მცდელობები, პატარ-პატარა ბიზნესები, სანამ ელიტ-ელექტრონიქსის დაფუძნებამდე მიხვიდოდით?

- როდესაც მოსკოვში ვსწავლობდი, წარუმატებლობების შემდეგ, 1996 წელს დავაფუძნეთ, როცა უკვე დაგროვილი იყო 2-3 ათას დოლარამდე ვალი, დავიწყეთ აუდიო კასეტების გამოგზავნა მოსკოვიდან. პატარა მაგიდა გვქონდა და ვყიდიდით ბათუმის ბაზრობაზე. ეს იყო "ელიტ-ელექტრონიქსის" დაფუძნების საწყისი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია