ავტორი:

არიან თუ არა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები - რა წერია ქართულ და უცხოურ წყაროებში სამეფო გვარის წარმომავლობაზე

არიან თუ არა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავები - რა წერია ქართულ და უცხოურ წყაროებში სამეფო გვარის წარმომავლობაზე

"ბაგრატიონთა გვარის ისტორია ორგანულად არის დაკავშირებული ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან წარსულთან. ბაგრატიონთა საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი ქართული დინასტიური გვარია, რომელიც საუკუნეების მანძილზე წინამძღოლობდა ქართველ ერს. ამ საგვარეულოსთან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის ბევრი ბრწყინვალე და მოწამებრივი ფურცელი", - ამბობს "ბაგრატოვანთა სახლის" ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი, მკვლევარი - სოსო ბიჭიკაშვილი, რომელმაც სამეფო დინასტიის წარსულიდან ბევრი საინტერესო რამ მოგვიყვა, რასაც რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ.

ახლა იმ ეპიზოდს შევეხებით, სადაც გარკვეული კვლევების საფუძველზე, საუბარია ბაგრატიონებისა და ქრისტეს ნათესაურ ძირებზე.

ბაგრატიონთა სამეფო დინასტია - ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამეფო გვარია და მას სამართლიანად უკავია საპატიო ადგილი მსოფლიოს ცნობილ ქრისტიანულ დინასტიათა შორის. VII-XV სს.-ის ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში ეს სამეფო საგვარეულო იხსენიება შემდეგი ფორმით - "ბაგრატუნიანი", "ბაგრატონიანი", "ბაგრატოვანი", "პანკრატოვანი", ხოლო XVI-XIX სს.-ში - "ბაგრატიონი".

ლეგენდის მიხედვით, "ქართველი მეფენი მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ". ამ გამორჩეულობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის თეორია.

ბაგრატიონთა ისტორიკოსთან, სუმბატ დავითის ძესთან დაცული თეორიით, საქართველოს სამეფო გვარი - ბაგრატიონები თავიანთ თავს ბიბლიური მეფეების იესე-დავით-სოლომონის შთამომავლებად მიიჩნევდნენ და ამიტომაც იწოდებოდნენ "იესიან-დავითიან-სოლომონიანებად". ამდენად, ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირი შთამომავლები, ანუ იესო ქრისტეს ნათესავები გამოდიან.

ქართლის მეფე ვახტანგ VI ბაგრატიონთა "ნათესაობის წიგნში" ქართველ ერს განიხილავს როგორც ბიბლიური ნოეს შვილის იაფეტის, ხოლო ბაგრატიონებს - ნოეს უფროსი შვილის სემის შთამომავლებს; ნათესაობა აქ წარმოდგენილია "დაბადების" ძირითადი გენეალოგიური ხაზის სახით: ნოე-სემი-აბრაამი-იაკობი-იესე-დავით მეფე-სოლომონი; ბაგრატიონები ამ მამამთავართა და მეფეთა პირდაპირ მემკვიდრეებად არიან გამოცხადებული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან დავით IV აღმაშენებელი ბიბლიური მეფის დავითის 78-ე შთამომავლად არის მიჩნეული: "...ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმამან, დავით, ღმერთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით".

ქართულ მწერლობაში პირველი ცნობა ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველიდან ანუ მათი ღვთიური წარმომავლობის შესახებ დაცულია გიორგი მერჩულესთან "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში"; გრიგოლ ხანძთელი ასე მიმართავს აშოტ კურაპალატს: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობა და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან" და ამით აკანონებს აშოტ I კურაპალატის უფლებას ტაო-კლარჯეთზე.

ამას ადასტურებს აშოტ I კურაპალატის ბარელიეფური გამოსახულება, რომელიც თავდაპირველად ოპიზის მონასტრის მთავარი ეკლესიის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული. ამ ბარელიეფზე გამოსახულია აშოტ I ბაგრატიონი ოპიზის ეკლესიის მოდელით ხელში, რომელსაც ლოცავს იესო ქრისტე, ხოლო მის გვერდით ვედრების პოზაში დგას მეფე-მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი, ბაგრატიონთა ბიბლიური წინაპარი.

თქმულება ქართველ მეფეთა დავით წინასწარმეტყველისგან წარმომავლობის შესახებ მიზნად ისახავდა ქართველთა სამეფოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფობის იდეის განმტკიცებასაც.

ამით ხაზგასმულია პირდაპირი ნათესაობა და ქართველთა განსაკუთრებული დამოკიდებულება მისდამი, რაც საქართველოს "ღვთისმშობლის წილხვედრობაში" გამოიხატა.

ქართული ისტორიული წყაროებით, "წარავლინა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისა"; მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე "დამსჭუალეს" "კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წამოიღო ელიოზ და მოიღო მცხეთას" "მეორე იერუსალიმად" წოდებულ ქალაქში. ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდის - უფლის კვართის ფლობას, ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს. საქართველო და სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთ უპირველესი სიწმინდისა და ყველა ქრისტიანი ერისა თუ ქვეყნისთვის საოცნებო რელიქვიისა - ქრისტეს კვართისა, ამიტომ მისი ფლობა და ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის თეორია აისახა ტიტულატურაში, სახვით ხელოვნებაში (ხატები, ფრესკები), ყოფაში (ნუმერაცია დავით წინასწარმეტყველისაგან, დავითის ვარსკვლავი), ნუმიზმატიკაში, ჰერალდიკაში, ვექსილოლოგიაში და სფრაგისტიკაში. თვალშისაცემია, რომ კვართს ყოველთვის გამორჩეულ ადგილზე ათავსებენ. მაცხოვრის კვართის ფლობა და ღვთიური წარმომავლობა გამჟღავნებულია სამეფო გერბის წარწერაში: "სამეფო კვართიან დავითიანი საქართველო". სამეფო გერბზე კვართის გარდა გამოსახული იყო სფერო, კვერთხი და ხმალი, ქნარი, შურდული. გერბზე ქნარი და შურდული (რომლითაც ბაგრატიონთა ბიბლიურმა წინაპარმა დავითმა მოკლა გოლიათი) ბაგრატიონების დავით წინასწარმეტყველთან ნათესაობაზე მეტყველებდა ანუ სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის გამომხატველ ელემენტებს წარმოადგენდა.

შევჩერდეთ საქართველოს მეფეთა ტიტულატურაზე: საქართველოს გაერთიანებისა და "ყოველი საქართველოს" წარმოქმნის პარალელურად ჩამოყალიბდა ფორმულა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა" ("აფხაზთა" ნიშნავს დასავლეთ საქართველოს, "ქართველთა" - ტაო-კლარჯეთს და ქართლს, "რანთა" - ჰერეთს, "კახთა" - კახეთს, "სომეხთა" - ლორე-ტაშირს, "შირვანშა" - შირვანს, "შაჰანშა" - ანისის სამეფოს). იგი შესანიშნავად ასახავდა ქვეყნის თანდათანობითი გაერთიანების პროცესს და საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ზრდას. საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში ჩნდება ზედწოდება "მესიის მახვილი".

ქართულ ისტორიული წყაროებიდან ბაგრატიონების წარმომავლობა ბიბლიური მეფე დავითისგან აღნიშნულია: ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა"-ში, "მატიანე ქართლისა"-ში, "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა"-ში, ვახუშტის "ცხოვრება საქართველოსა"-ში და დავით ბაგრატიონის "საქართველოს ისტორიაში".

ქართულ წყაროებთან ერთად ბაგრატიონების წარმომავლობა დავით წინასწარმეტყველისგან აღინიშნება სხვადასხვა უცხოურ ლიტერატურაში: 1. ბიზანტიურ (კონსტანტინე პორფიროგენეტი), 2. სომხურ (1335 წლის ხელნაწერის მინაწერში), 3. იტალიურ (ქრისტრფორე კასტელი), 4. რუსულ (ტოლოჩანოვი და იევლევი), 5) თურქულ (ალი ჩელები, იბრაჰიმ ფეჩევი, ივლია ჩელები) და 6. ფრანგულ (ჟან შარდენი).

ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (913-959) თხზულებაში "იმპერიის მართვის შესახებ" (De Administrando Imperio) აღნიშნულია, რომ ბაგრატიონების იერუსალიმიდან საქართველოში გადმოსახლება მისი მმართველობის 400 ან 500 წლის წინ დაწყებულა. კონსტანტინე პორფიროგენეტიდან, ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში აღნიშნულია ბაგრატიონთა განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ წმინდა ქალაქთან. საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფეები ბაგრატიონთა დინასტიიდან, იერუსალიმში დიდ შემოწირულობას აგზავნიდნენ. საქართველოში არსებობდა სპეციალური გადასახადი - "საერუსალიმო".

ზოგიერთი ისტორიული წყარო მათ ქართველ მეფეთა პირველ დინასტიასთან, ფარნავაზიანებთანაც ანათესავებს.

ახლად მიკვლეული მასალიდან გამომდინარე, რომელიც სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერში N/შინ-50-ში აღმოჩნდა, ბაგრატიონები ქართლში VII ს-ის დასაწყისში ჩნდებიან და ენათესავებიან ქართლის ერისმთავრებს.