რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხზე მსჯელობა არ წყდება. დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, არამხოლოდ საზოგადოების სხვადასხვა ფენის, არამედ სასულიერო პირების მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურება. სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ თამაზ ლომიძის ქადაგება, რომელიც მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესიაში მოღვაწეობს, პარალელურად ხელმძღვანელობს ქალაქების - შტუტგარტის, ფრანკფურტის და ნიურნბერგის ქართულ სამრევლოებს. დეკანოზი კანონპროექტს აბსურდულად მიიჩნევს, რასაც ასე განმარტავს მრევლთან საუბრის დროს:
"ეს კანონი თავის თავში აბსურდია. როგორ შეიძლება, რელიგიური გრძნობებისთვის დააჯარიმო ადამიანი. ვინ იცის, რა არის რელიგიური გრძნობები? თან უამრავი რელიგია არსებობს... ან რომელმა მოსამართლემ უნდა გაარჩიოს ეს საქმე, რომელ მოსამართლეს აქვს ეს კომპეტენცია, რომ ამაზე გამოიტანოს განაჩენი... სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისითაც აბსურდია და რელიგიური თვალსაზრისითაც. ეს ჩვენც და სხვა რელიგიებსაც უსაზღვროდ დააზარალებს, რადგან რაც სახელმწიფოს ძალით ხდება აკრძალული, უფრო დიდი აგრესიით იჩენს თავს. შეგნება და მორალი უნდა ამაღლდეს საზოგადოებაში, რომ ერთმანეთის გრძნობებს არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. არამხოლოდ რელიგიურს, სხვა ნებისმიერ გრძნობას: მე თუ ვხედავ, რომ შენთვის ის გრძნობა ძვირფასია, რატომ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა? ის რომ ჩვენ საქართველოში ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხვყოფთ, იმაზე კი არ მეტყველებს რომ კანონი გვაკლია, არამედ იმაზე, რომ კულტურა გვაკლია, ეთიკური აღზრდა არ გვაქვს.
სარწმუნოება გრძნობებზე კი არა, გონებაზეა დამყარებულია, ამიტომ რელიგიური გრძნობები თავის თავში აბსურდია, რადგან სარწმუნოებასთან და რელიგიასთან, ამას კავშირი არ აქვს. ღვთის შემეცნება ჩემი გრძნობებით კი არ ხდება, ხდება გონებით, სულით, შეგნებით... ვნებათაღელვა ამ საკითხზე გვანახებს, რომ ჩვენი რელიგია უმეტესწილად დამყარებულია გრძნობებზე. მაგალითად, ორი ადამიანი ამბობს აღსარებას. ვისი აღსარება უფრო გულწრფელია ღვთის წინაშე: ვინც ტირის, თუ ვინც არ ტირის? ამით ვერ გაზომავ აღსარებას! ცრემლებით და გრძნობებით აღსარებას ვერ გაზომავ, არამედ იმით, გონებით რამდენად აქვს ადამიანს გააზრებული რა ჩაიდინა. არავის, არასდროს, არც ერთ რელიგიაში გრძნობებით არ უპოვია ღმერთი. ღმერთი შეიძლება შეიმეცნო სულით, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აზრი და გონება. ამიტომ, რელიგიებს არ გვჭირდება ვიღაცის დევნა და დაჯარიმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის.
არც საპატრიარქოს, არც სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ მოუთხოვიათ ეს. ერთი ჯგუფია ასე განწყობილი და ითხოვს კანონის მიღებას, მაგრამ მე მჯერა, საღი აზრი გადაწონის, ჩვენი სახელმწიფო არ მიიღებს ამ კანონს და ამით არ აზარალებენ ისევ და ისევ რელიგიას და მორწმუნე ადამიანებს საქართველოში", - აღნიშნა ვრცელ ქადაგებაში დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.
იხილეთ ასევე: საპატრიარქოს განცხადება "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე" კანონპროექტის შესახებ