გოგრის უახლოეს ნათესავებს, ყაბაყს, ცუკინის და პატისონს, გოგრის მსგავსი ქიმიური შემადგენლობა აქვთ, მაგრამ ნახშირწყლები და კაროტინი მათში ნაკლებია. სამაგიეროდ, უხვადაა კალიუმის მარილები და სპილენძი, რაც ამ ბოსტნეულს განსაკუთრებულ ფასეულობას სძენს დიეტის დროს.
ყაბაყს, ცუკინის და პატისონს მიირთმევენ როგორც უმს, ისე შემწვარსა და მოხარშულს. სალათისთვის მათ ორიოდე წუთით თუთქავენ მდუღარე წყალში. გარდა ამისა, ამჟავებენ, აცხობენ, შუშავენ ტომატთან, ხორცსა და სანელებლებთან ერთად.
სამივე ბოსტნეული იმითაა უნიკალური, რომ "ქამელეონია" ანუ შეუძლია, მიიღოს იმის გემო, რასთან ერთადაც ამზადებენ.
კალორიების მინიმალური და ფასეული ნივთიერებების დიდი რაოდენობის გამო ყაბაყი, ცუკინი და პატისონი, სურვილისამებრ, შეიძლება მივირთვათ პირველ ან მეორე კერძად და დესერტადაც კი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რასთან ერთად მოვამზადებთ მათ.
იერუსალიმური არტიშოკი
გოგრისებრთა ოჯახის ამ მზეთუნახავს საოცარი ფორმა აქვს - თეფშს ან ყვავილს მოგვაგონებს. თავისებური გემოს გამო პატისონს იერუსალიმურ არტიშოკსაც ეძახიან. მას ორგანიზმიდან "ცუდი" ქოლესტერინის გამოდევნა შეუძლია. მასში არსებული ლუთეინი სისხლში მოხვედრისას ანტიოქსიდანტივით მოქმედებს - ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ლუთეინი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მხედველობაზე. ყველაფერი, რაც ყაბაყისგან მზადდება, პატისონითაც შეიძლება მოვამზადოთ, მაგრამ დიეტის დროს ნაკლებმარილიანს ვერაფერი შეედრება. ამ ბოსტნეულის კერძების გემო არაფრით ჩამოუვარდება სოკოსას.
სასარგებლო და იაფი
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ყაბაყის ახალგამოწურული წვენი გაცხიმოვნებას ამუხრუჭებს. დიეტოლოგები ამ წვენს ურჩევენ მათ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს.
გინდათ გახდეთ, მაგრამ მრავალფეროვანი კვება გიყვართ? ყაბაყისა და ცუკინის კერძები სწორედ სათქვენოა. ყველაფერი თქვენს ხელთაა! გემოვნებისამებრ, მოამზადეთ ხიზილალა, მაჭკატები, წვნიანი, სალათა, ომლეტი. ეს დაბალკალორიული კერძები ჭარბი წონის მოშორებაში და ორგანიზმიდან წიდის გამოდევნაში დაგეხმარებათ. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ გემრიელია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის შრომის ნაყოფიერებას.