იტალიელი მსახიობი რალფ შუმახერი წარმოდგენის დროს თვითმკვლელობის სცენის თამაშისას კომაში ჩავარდა. საავადმყოფოში მისი გადაყვანის შემდეგ ექიმებმა კლინიკური სიკვდილი დაადასტურეს. 27 წლის მსახიობის ოჯახმა უკვე განაცხადა, რომ დაღუპულის ორგანოებს დონაციისთვის გასცემენ.
პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუ რამდენად იყო დაცული სცენაზე უსაფრთხოების ზომები. იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, იკითხება რამდენიმე ადამიანი და საქმე გაუფრთხილებლობით სიკვდილის მუხლითაა აღძრული.
შუმახერი იტალიაში, პიზაში ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე როლს ასრულებდა, როცა ერთ-ერთმა აუდიტორიიდან შეამჩნია, რომ თოკი ყელზე მჭიდროდ იყო მოჭერილი. მსახიობს ამ დროს თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოცმული, თუმცა მაყურებელმა ქალმა, რომელსაც აღმოჩნდა, რომ სამედიცინო განათლება აქვს, შეამჩნია როგორ ცახცახებდა სხეული. მსახიობი სასწრაფოდ ჩამოხსნეს თოკიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ თეატრის ხელმძღვანელობის განმარტებით, მსახიობმა სცენარში იმპროვიზება საკუთარი სურვილით შეიტანა: ორიგინალურ მონოლოგში სათამაშო იარაღით თვითმკვლელობა იყო გათვალისწინებული, თუმცა შუმახერმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა თავის ჩამოხრჩობის სცენა გაეთამაშებინა.
მომზადებულია CNN.com-ის მიხედვით