ამერიკა რომ ცათამბჯენების ქვეყანაა, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცათამბჯენების ასაშენებლად საჭირო უმთავრესი მასალის - ე.წ. ზემდგრადი მინა-ბლოკისა და წყალგამძლე ცემენტის გამომგონებელი ქართველი იყო, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის სახელით იცნობდნენ.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ (გიგა) კობახიძე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ზედიზედ რამდენჯერმეც კი მოხვდა, რაც იმხანად დიდი სენსაცია იყო. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა გამოგონებებისა, გრიგოლ კობახიძეს სხვა რამეებიც ეხერხებოდა: პირველად საყოველთაო აღიარება მან - არც მეტი, არც ნაკლები - მიუნხენში ცირკის არენაზე მოიპოვა. მაშინ კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და არათუ სხვებს, არამედ თავადაც ვერ წარმოედგინა, რომ გავიდოდა წლები და სულ სხვა სფეროში მოიხვეჭდა სახელს. სხვათა შორის, შემდგომში თავადვე აღნიშნავდა, რომ ქიმიურ მრეწველობაში დამკვიდრება სწორედ ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემების წყალობით შეძლო - ჯორჯ კობი ძალიან ბევრს მუშაობდა და ხშირად, ლაბორატორიაში ღამესაც კი ათენებდა.
ყველაფერი კი ისე დაიწყო, როგორც სათავგადასავლო წიგნებშია ხოლმე - რაჭის სოფელ თხმორში, გლეხის - დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულ ბიჭს გულმა სახლიდან შორს, თავგადასავლების საძიებლად გაუწია. ჰოდა, დაკრა ფეხი და გამოიქცა. მაშინ გიგა 10 წლის იყო. თავის უფროს ძმას შენატროდა, ბორჯომში, ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე რომ მუშაობდა და თავადაც ორთქლმავლის მემანქანეობაზე ოცნებობდა. მშობლიური სოფლიდან ბორჯომისკენ ფეხით გამოემართა. მგზავრობის დროსაც უამრავი რამ გადახდა თავს - ოკრიბისკენ მიმავალს, აბრაგები შემოეყარნენ. მათმა მეთაურმა ბიჭუნას ოცნებების შესახებ რომ შეიტყო, ერთი გადაიხარხარა, მერე ჯიბიდან 10 ოქროს მანეთიანი ამოიღო და მუჭში ჩაუჩხრიალა: - წადი, ბიძია, კაცი გამოდი და მერე კი შენ იცი, მეც გამიხსენეო.
აბრაგის ნაჩუქარი ფულით ქუთაისამდე ჩააღწია, მაგრამ იქ ერთ გულღრძო მედუქნეს შეშურდა მისი: პატარა გიგა მისსავე თანატოლებს ქუჩაში აცემინა და ოქროს მანეთიანებს თავად დაეპატრონა. თანატოლებისგან გაძარცული და გამეტებული რაჭველი ბიჭი ქუჩაში მეპურეებმა იპოვეს და შეიფარეს. "რაჭველის საქმე პურის ცხობაა. ღვთის მადლით, ხელობას ქვე გასწავლით, დარჩი აქანა და იმუშავე!" - უთხრა ერთ-ერთმა. მაგრამ გიგას ეს საქმე არ იზიდავდა. გულკეთილ მეპურეებთან მხოლოდ ორი ღამე გაათია, მერე კი ბორჯომისკენ განაგრძო გზა. შეუპოვრობის წყალობით, ყველა დაბრკოლება გადალახა და უფროს ძმას - ლეონტისაც მიაგნო. ის კინაღამ გადაირია და მოულოდნელად გამოცხადებულ გიგას შინ დაბრუნება დაუპირა, მაგრამ ბიჭმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: სანამ მემანქანეობას არ ვისწავლი, ბორჯომიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო. რაღა უნდა ექნა ლეონტის - ოჯახში წერილი აფრინა, გიგა ჩემთან არისო და უმცროსი ძმა ერთ რუს მემანქანეს მიაბარა განაგრძეთ კითხვა