ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეთნიკურ ქისტებს დაემუქრა. "ჭკვიანად თუ არ იქნებით, ხეობიდან აგყრითო", - ასე მიუმართავს შს სამინისტროს მაღალჩინოსანს ზურაბ გამეზარდაშვილს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებისა და ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებისთვის, კახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამართულ შეხვედრაზე.
"ძალიან არაკავკასიური საქციელი გამოიჩინა, არამხოლოდ - არაკავკასიური. საერთოდ, ყველგან მიღებულია უფროსისადმი პატივისცემის კულტურა. გარდა იმისა, რომ ძალიან ქედმაღლურად იქცეოდა, იმუქრებოდა, დაახლოებით ასეთი ტექსტი ყოფილა, ჭკუით თუ იქნებით, აქედან აგყრითო. ძალიან მინდა პირადად შევხვედროდი ამ ადამიანს, უნდა მეკითხა, დავუშვათ ქისტები წავიდნენ ამ ხეობიდან, გამეზარდაშვილისნაირები დაიცავდნენ ამ ხეობას, რომელიც დღემდე ქისტებმა მოიტანეს თავიანთი ვაჟკაცობით, ერთგულებით და დარაჯობენ დღემდე ამ ხეობას?!" - ამბობს მექა ხანგოშვილი.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელთან ინტერვიუ ick.ge-მ ჩაწერა.
- ქალბატონო მექა, როდის და სად გაიმართა ეს შეხვედრა შს სამინისტროს ხელმძღვანელ პირებსა და ეთნიკურ ქისტებს შორის?
- თქვენ გახსოვთ ალბათ, რაღაც ხელოვნური კონფლიქტი რომ მოხდა მატნის მოსახლეობასა და ქისტ ახალგაზრდებს შორის. სამწუხაროდ, პერიოდულად ხდება ხოლმე მატანში მაცხოვრებლებსა და ქისტებს შორის დაპირისპირება. არადა, უნდა გითხრათ, რომ ვინც გვერდში დაუდგა ქისტ მოსახლეობას, როდესაც ისინი საქართველოში პირველად ჩამოსახლდნენ, სწორედ მატნის მოსახლეობა იყო და ჩვენ ამას არასოდეს ვივიწყებთ და ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან.
- ამ კონფლიქტს მოჰყვა ეს შეხვედრა?
- დიახ, შეხვედრა ამ კონფლიქტს მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები ჩავიდნენ ახმეტაში, შეხვდნენ მატნის მოსახლეობას, არ შეხვდნენ ქისტებს, რაზედაც ძალიან გავნაწყენდით. იმიტომ კი არა, რომ მატნელებს შეხვდნენ და ქისტებს არა, არამედ იმიტომ, რომ ქისტებმა როცა გაიგეს, თანამდებობის პირები ხადორში იმყოფებოდნენ, მოსახლეობა გზაზე ელოდებოდა და ისე წავიდნენ, რომ ამ შეკრებილებს არ შეხვდნენ.