საქართველოში "ფრონტერას" მიერ რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენა ამჯერად ატლანტიკური საბჭოს ანგარიშიდან გახმოვანდა. მისი ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ფრონტერას" მხარი უნდა დაუჭიროს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ენერგეტიკის სამინისტრო უკვე 20 წელია აღნიშნული კომპანიისგან გაზის რესურსების დამადასტურებელ დოკუმენტებს ელოდება. ქართველი ენერგეტიკოსები კი "ფრონტერას" აღმოჩენებს მორიგ "აფიორად" აფასებენ.
ენერგეტიკოს გია არაბიძეს "ფრონტერას" ასეთი მასშტაბური აღმოჩენების შესახებ არ სჯერა და ფიქრობს, რომ ეს მორიგი აფერაა, რომლის აგორებაც "ფრონტერას" სხვა ინტერესების გამო სჭირდება. "მე მაინც მგონია, რომ ეს არის მორიგი მაქინაცია, რომელიც "ფრონტერასაგან" 15 წელია მესმის. არც ერთი ჩვენი წყარო, გარდა "ფრონტერასი", ამას არ ადასტურებს - ჩვენი აკადემია, მეცნიერები, გეოლოგები. იმ ხალხს, რომელიც უშუალოდ ამ საქმეში არიან ჩართულები, არაფერი უთქვამთ და უცებ "ფრონტერამ" იმდენი გაზი იპოვა, რომ სანამ დედამიწა იარსებებს, გვეყოფა, როგორც ვიცი, ამ ინფორმაციის გავრცელებით საფონდო ბირჟებზე თამაშობენ", - აცხადებს გია არაბიძე.
ენერგეტიკოსი დავით ელიაშვილი, "ფრონტერას" აღმოჩენებს ზღაპარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ მცირე რაოდენობის გაზი არსებობს იქ, სადაც ნავთობი მოიპოვება.
"ასეთი ინფორმაცია "ფრონტერას" მიერ დროდადრო ვრცელდება ხოლმე. კომპანიამ ერთხელ მაინც ხომ უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორ ჩატარდა კვლევა, ჩააყენოს მთავრობა საქმის კურსში. ეს მხოლოდ ჭორებია. საქართველოში სერიოზული კვლევა არც კი ჩატარებულა", - ამბობს დავით ელიაშვილი განაგრძეთ კითხვა