რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელსაც ვსვამთ და რა პერიოდულობით ხდება წყლის ლაბორატორიული შემოწმება

რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელსაც ვსვამთ და რა პერიოდულობით ხდება წყლის ლაბორატორიული შემოწმება

XIX საუკუნეში, თბილისში 5 მცირე სიმძლავრის წყალსადენი მოქმედებდა. მაშინდელი სტატისტიკური მონაცემებით, 1 სულ მოსახლეზე 4 ლიტრი წყალი მოდიოდა. 1862 წელი თბილისის ცენტრალიზებული წყალმომარაგების ჩამოყალიბების თარიღად არის მიჩნეული, როდესაც მტკვრის ფილტრატების ბაზაზე მცირე სიმძლავრის, ყორღანოვის სახელით ცნობილი, ცენტრალიზებული წყალსადენი აშენდა. ის რუსეთის იმპერიაში წყალმომარაგების რიგით მე-11 სისტემა იყო, რომელმაც მხოლოდ 1887 წლამდე იარსება. 1880-იანი წლების ბოლოს ავჭალის წყალსადენი აშენდა, რომელიც, 46 წლის მანძილზე, თბილისის წყალსადენის ერთადერთ ცენტრალიზებულ სისტემას წარმოადგენდა.

XIX საუკუნის ბოლოს, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ყურადღება გამახვილდა მდინარე არაგვის ფილტრატებზე - ნატახტრისა და ბულაჩაურის მიწისქვეშა წყაროებზე. არაგვის ხეობაში საძიებო სამუშაოებს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები აწარმოებდნენ.

დღეს თბილისის წყლით მომარაგებაზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ზრუნავს. რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელსაც ვსვამთ, რა პერიოდულობით ხდება წყლის ანალიზი და კიდევ სხვა კითხვებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თინათინ მაკარიძეს მივმართეთ:

- სასმელი წყალი, პროდუქტი, რომელსაც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დედაქალაქის მოსახლეობას აწვდის არის სუფთა, ხარისხიანი და მისი მოხმარება სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სასმელი წყლის ხარისხი თბილისში მთლიანად აკმაყოფილებს როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს, ასევე, სასმელი წყლის ეროვნული რეგლამენტის ყველა მოთხოვნას. თბილისი ევროპის იმ დედაქალაქების ათეულში შედის, სადაც ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ოფიციალურად ნებადართულია. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, და მდიდარია მინერალებით.

- რამდენ ხანში ერთხელ ხდება წყლის ლაბორატორიული ანალიზი?

- როგორც წესი, თბილისელი მომხმარებლისთვის სასმელი წყლის, როგორც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ ხდება. ეს უწყვეტი ციკლია და კომპანიის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების სპეციალისტების მიერ 24 საათის განმავლობაში ხორციელდება. კომპანიის ლაბორატორიები განთავსებულია ყველა სათავო ნაგებობაზე, საიდანაც დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება. წყლის სინჯების აღება ხდება ყოველ საათში ერთხელ, 24 საათის განმავლობაში. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ყველა აუცილებელი პარამეტრის მიხედვით ხდება - ასეთი კი 53-ია. ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული პარამეტრის კონტროლი გაწერილი პროცედურაა და თავისი დრო და ვადები აქვს. ასევე, წყლის ხარისხი რეგულარულად მოწმდება თბილისის სხვადასხვა უბნის წყალსადენის ქსელებში და რეზერვუარებში. თბილისის მასშტაბით შერჩეული 573 წერტიდან, ყოველდღიურად მოწმდება 20-მდე წერტი. მნიშვნელოვანია, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამისადაა აკრედიტებული და ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. მათ მუშაობას კოორდინაციას უწევს კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია. GWP-ის ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და დამხმარე ხელსაწყოებით, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას - ეს კი, წყლის ხარისხის მაღალ დონეზე გაკონტროლების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მეტი გამჭვირვალობისთვის ტარდება ლაბორატორიათშორისი ანალიზები, რაც ISO-17025-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა. კომპანიის ლაბორატორიები, სასმელი წყლის ხარისხის განმსაზღვრელ ყველა ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრთან დაკავშირებით, საერთაშორისო ლაბორატორიათშორის შედარებით გამოცდაში წელიწადში რამდენჯერმე იღებს მონაწილეობას. საქართველოს ფარგლებში კი, წყლის ხარისხის კონტროლის გადამოწმება, გარკვეული პერიოდულობით, ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

- რა მასალისგანაა დამზადებული მილები, რითაც ხდება წყლის მიწოდება?

- წყალსადენის მაგისტრალური მილდენები, ანუ დიდი დიამეტრის მილები, დამზადებულია ფოლადისა და თუჯისაგან, ხოლო გამანაწილებელი ქსელები არის როგორც ფოლადის და თუჯის, ასევე პოლიეთილენის. ახალი მილები, რომლებსაც კომპანია წყალსადენის ქსელების განახლება-რეაბილიტაციისთვის იყენებს, არის მაღალი ხარისხის, გამოირჩევა გამძლეობით და დამოწმებულია შესაბამისი სერთიფიკატით.

- რატომ წარმოიქმნება ძალიან ხშირად ამა თუ იმ უბანში, წყლის მილების რემონტის საჭიროება?

- იმის მიუხედავად, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რეგულარულად ახორციელებს წყალსადენის ქსელების ანუ მილების განახლება-რეაბილიტაციას - მაგალითად 2015 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, მთლიანად განახლდა 150-მდე ქუჩა თბილისის სხვადასვა რაიონში - დედაქალაქში ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოძველებული კომუნიკაციები, რომელიც ეტაპობრივად ახლდება. პერიოდულად სწორედ ასეთი მილები ზიანდება და მათი შეკეთების საჭიროებაც სწორედ ამიტომ იჩენს თავს. ასეთ ქსელებს კომპანია ოპერატიულად არემონტებს ან ახლით ცვლის.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერია, ყოველწლიურად, ერთობლივად ახორციელებენ დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც GWP სხვადასხვა ქუჩაზე ახლით ცვლის ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. გარდა ამისა, კომპანია ამონტაჟებს როგორც ახალ, ისე დამატებით ჩამკეტ ურდულებს და აწყობს ახალ საკვანძო ჭებს. კომპანიის ახალი მენეჯმენტის ინიაციატივით, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი პროექტი, რაც გულისხმობს თბილისის წყალსადენის ქსელების სტანდარტიზაციას ანუ ქსელების თანამედროვე სტანდატების მიხედვით ექსპლუატაციას. პროექტის ფარგლებში ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, მონტაჟდება თანამედროვე ტიპის წნევის რეგულატორები. შედეგად, მინიმუმამდე შემცირდება ავარიული დაზიანებები. ამ ტიპის კომპლექსურ სამუშაოებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რეგულარულად ატარებს თბილისის სხვადასხვა რაიონში. მიზანი - წყალსადენის სისტემის მოდერნიზაცია და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებაა.

- რამდენად შეესაბამება GWP-ს სისტემა თანამედროვე სტანდარტებს?

- "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნოლოგიური სისტემები მთლიანად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. როგორც წყალსადენის, ასევე წყალარინების ქსელების განახლება მიმდინარეობს საუკეთესო საინჟინრო ტექნოლოგიების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ეტაპობრივად გადადის ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე. შესაბამისად, კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა და წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანია და აჩქარებს კომპანიის განვითარებასაც და ტექნიკური პროცესების მართვასაც. GWP-ის ახალი მენეჯმენტის ინიციატივით, კომპანია Proxima Systems-თან და კორპორაცია Microsoft-თან თანამშრომლობით დაინერგა მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისტემა - Microsoft Dynamics Ax. ეს სისტემა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერაციის მართვის სრულ კონტროლს, იძლევა შიდა და გარე პროცესების ეფექტიანი მენეჯმენტის შესაძლებლობას, აჩქარებს დოკუმენტბრუნვას და აუმჯობესებს მომსახურების სტანდარტებს, რის შედეგადაც იზრდება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი და ოპერატიულობა.

- როგორ ხდება წყლის ფილტრაცია?

- "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნედლ წყალს ჯერ ჟინვალის წყალსაცავში აყოვნებს, საიდანაც 42 კმ სიგრძის გვირაბული მაგისტრალით წყალი თბილისში ღრმაღელისა და სამგორის სათავო ნაგებობების გავლით ხვდება, კოაგულანტით მუშავდება, ილექება და ბუნებრივი ფილტრების სხვადასხვა შრეებს გადის. ამ წყალს უერთდება არაგვის ხეობის - ნატახტრის, ბულაჩაურის, საგურამოსა და ჭოპორტ-მისაქციელის მიწისქვეშა წყაროების წყლები, იგივე არაგვის ფილტრატები. შემდეგ, სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში ლაბორატორიულად მოწმდება და თბილისის მოსახლეობას მიეწოდება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია