ევროპისა და აშშ-სთვის საქართველო, გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების კუთხით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა უნდა გახდეს. ამის შესახებ საუბარია ატლანტიკური საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში "დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავ ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ".
ანგარიშის ავტორის არიელ კოენის მოსაზრებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს.
"ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დამოკიდებულია რუსულ გაზზე ან წარმოადგენს მთავარ სატრანზიტო კორიდორს რუსული და კასპიური გაზისთვის, სინამდვილეში ენერგორესურსების დიდი მარაგი აქვს. ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ დამოუკიდებელი, ან თითქმის დამოუკიდებელი. მაგალითად, საქართველო ევროპისთვის ნახშირწყალბადის პოტენციურად მნიშვნელოვანი წყარო გახდა", - აღნიშნავს აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია "Frontera Resources"-მა დააანონსა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის შეფასებით, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.
"თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.
"სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი" შეძლებს გაზის მიწოდებას თურქეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ევროპულ ბაზრებზე. საქართველოს შეუძლია განახორციელოს გაზის ექსპორტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თხევადი გაზის მცირე ტერმიანლით, ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და ასევე ტანაპით", - წერს არიელ კოენი.