მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა დუბაის ცენტრში მდებარე 163-სართულიანი, 828 მეტრი სიმაღლის "ბურჯ ხალიფაა", რომელიც 2010 წელს გაიხსნა. ჯერჯერობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რეკორდი ვერავინ მოხსნა, თუმცა ტექნიკურ პროგრესს ვერაფერი აფერხებს და ალბათ მალე უფრო მაღალი შენობის ხილვასაც შევძლებთ.
თბილისში ამჟამად სამშენებლო ბუმია და ახალი ცათამბჯენები ერთმანეთს ემატება. მაშ ასე, რომელი შენობაა ამჟამად თბილისში ყველაზე მაღალი?
"აქსის თაუერსის" ტყუპი ცათამბჯენი ვაკეში შენდება, ჭავჭავაძის გამზირზე, გლაკტიონის ძეგლის მიმდებარედ. თითოეული ცათამბჯენი 41-სართულიანია, რომელთაგან ერთი მინის იქნება, მეორე - ქვის. ცათამბჯენების სიმაღლე 147 მეტრია. შუშის კოშკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, ხოლო ქვის კოშკში - თანამედროვე საცხოვრებელი ბინები.
სასტუმრო "მილენიუმი" თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის ქუჩაზე შენდება. შენობა 39-სართულიანია. მთლიანად მინის იქნება და მისი სიმაღლე, სავარაუდოდ, "აქსის თაუერსს" რამდენიმე მეტრით ჩამორჩება. "მილენიუმს" არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციით, თურქული კომპანია აშენებს.
40-სართულიანი "თბილისი რეზიდ თაუერსი" ცირკის მიმდებარედ შენდება და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. პროექტის ავტორთა თქმით, ის თბილისის ყველაზე მაღალი შენობა უნდა იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, შენობის სიმაღლე, რომელიც 125 მეტრს შეადგენს, "მილენიუმსა" და "აქსის თაუერსს" ჩამორჩება. "რეზიდ თაუერსი" შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და ეს ამ კომპლექსს გრანდიოზულობას მატებს.
სასტუმრო "რედისონი" 25-სართულიანია და თბილისის ცენტრში მდებარეობს. "რედისონი" განახლებული სასტუმრო "ივერიაა". ყველაზე ზემოთ საცურაო აუზი და სპა-ცენტრია განლაგებული, საიდანაც თბილისის შთამბეჭდავი ხედები იშლება.
21-სართულიანია სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", რომელიც საბჭოთა პერიოდში სასტუმრო "აჭარა" გახლდათ.
TOP რეიტინგი