როგორ ცხოვრობენ მართლმადიდებლური სამყაროს პატრიარქები

როგორ ცხოვრობენ მართლმადიდებლური სამყაროს პატრიარქები

ბოლო დროს სასულიერო პირები, მათ შორის, უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან საზოგადოების კრიტიკისა და განხილვის ობიექტები. მიაჩნიათ, რომ ისინი მათი სტატუსისთვის შეუსაბამოდ, დიდძალ ქონებას ფლობენ... ხოლო კონკრეტულად თუ რას, ეს ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ არის საჯარო. "ამბები.გე" ამ თემაზე თეოლოგს, მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

- რა ქონებას უნდა ფლობდეს მართლმადიდებლურ სამყაროში უმაღლესი სასულიერო პირი - პატრიარქი? სჯულის კანონის მიხედვით, როგორ არის დადგენილი, რა ქონებას უნდა ფლობდეს ის?

- დავიწყოთ იმით, რომ დიდი რჯულის კანონი და მისი მცირე რედაქციაც, უპირობოდ არ წარმოადგენენ ეკლესიის შიდა მოხმარების სამართლებრივ კოდექსს, თუ მის განხორციელებას რომელიმე საეკლესიო ინსტანცია (მაგ. საეკლესიო სასამართლო) არ უზრუნველყოფს. ამ მხრივ ის შეიძლება განვიხილოთ ერთგვარ სახელმძღვანელო ტექსტად, რომლის არა დოგმატური ნაწილის განხორციელება ან არაღსრულება, კონკრეტულ ეკლესიებში ადგილობრივ დონეზე წყდება. აქედან გამომდინარე, ისეთ ეკლესიაში, სადაც არ არსებობს თვითრეგულაციის არანაირი მექანიზმი, ეს კანონები ვერ ჩაითვლება სავალდებულოდ. ამის გარდა, საეკლესიო სამართლის ეს ძეგლი, საერთოდ არ ცნობს კატეგორიას - პატრიარქი, რადგან როგორც მოგეხსენებათ, საეკლესიო იერარქიის ეს ტიპი შედარებით გვიან, ამ ძეგლის ნაწილების დაწერიდან, საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ჩამოყალიბდა.

მიუხედავად ამისა, შეგვიძლია აღვნიშნოთ რიგი კანონებისა, რომელიც ამ კრებულშია მოცემული. ისინი ზოგადად ქონებისა და უფრო ზუსტად კი, საეკლესიო ქონების განკარგვის წესის მითითებებს წარმოადგენენ. ასეთებია მაგალითად: "მოციქულთა კანონების" - მე-3, მე-4, 30-ე, 38-ე, მე-40, 41-ე, 59-ე, 72-73-ე, 81-ე, 83-ე - მუხლები, კონსტანტინეპოლის ორგზის კრების - პირველი, 7, 10, 11; მეექვსე მსოფლიო კრების: 28-ე, 57-ე, 79-ე, 99-ე; სარდიკიის კრების მე-7; ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მე-3; კართაგენის კრების მე-16, 32-ე; ნიკეის მსოფლიო კრების მე-10, 15; ანტიოქიის კრების 24-ე, 25-ე; ანკირიის კრების მე-15, ნეოკესარიის მე-4 კანონები. ასევე ე.წ. თეოფილეს მოსახსენებელი კანონის მე-10, გრიგოლ ნოსელის ეპისტოლის მე-6 მუხლები და კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლის დუმნოს მიმართ მეორე თავი.

მათი სრული სისავსით მოხმობა ალბათ შორს წაგვიყვანს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმეს განვიხილავთ. მაგალითად, 210-235 წლებში შექმნილი ძელის მოციქულთა კანონების (Αποστολικὴπαράδοσις) რამდენიმე მუხლი: "ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა, განიკვეთოს. " (6). "ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ნივთებზე და განაგებდეს მათ, როგორც ღვთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფს, მაგრამ მას არ აქვს ნება, რომ მოიხვეჭოს რამე მათგან, ან თავის ნათესავებს აჩუქოს ღვთის საუნჯე. ხოლო თუ ისინი გლახაკნი არიან, უნდა მისცეს მათ, როგორც გლახაკებს, მაგრამ ამ მიზეზის გამო ნუ დახარჯავს მათზე ეკლესიის ქონებას" (38).

"თუ ეპისკოპოსმა ან ხუცესმა ნახოს სამღვდელო დასის რომელიმე წარმომადგენელი გაჭირვებაში და არ მისცეს საჭირო ფული, მღვდლობა აეკრძალოს. და თუ ისევ დარჩეს ულმობელი, განიკვეთოს, როგორც ძმის მკვლელი" (59). ასევე საგულისხმო მონაკვეთი ძეგლიდან "წმინდა თეოფილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კანონები. სიტყვა წარმორთქმული იმის შესახებ, როდესაც ღვთის გამოცხადება დაემთხვა კვირა დღეს": "ქვრივები, გლახაკები და უცხოელი მოგზაურები უნდა იღებდნენ ყოველნაირ დახმარებას. ნურავინ ნუ მიითვისებს, ეკლესიის ქონებას, რადგანაც ის, ვისაც ჩაბარებული აქვს ღვთის მღვდელმსახურება, ვერცხლისმოყვარე არ უნდა იყოს" (10).

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქონების გაგება ყველა ეპოქაში სხვადასხვაა. ამ შემთხვევაშიც იგივე დიდ რჯულის კანონში გვხვდება კანონებიც, რომელთა მიხედვითაც ეპისკოპოსს შეუძლია ჰყავდეს მონები, ოღონდ, იგი ვალდებულია, მათ კარგად მოეპყრას და ა.შ. საერთოდ, ამ შემთხვევაში ალბათ, უფრო სწორუპოვარი იქნება, სწორება გვქონდეს წმინდა წერილზე, სადაც გადმოცემულია ფუფუნებასა და სიმდიდრესთან სახარებისეული დამოკიდებულება, რომელიც საკმაოდ რადიკალური და კრიტიკულია.

მაგრამ მოდი, დავსვათ საკითხი შემდეგნაირად. თუ სწორებას არ გავაკეთებთ, თავად ეკლესიისვე, ქრისტიანულ მორალზე, მაშინ რის გამო, რომელი პრაგმატული არგუმენტის საფუძველზე უნდა თქვან უარი, სამღვდელო იერარქებმა გამდიდრებასა და ფუფუნებაზე? ან რატომ არიან ისინი მოვალენი, იცხოვრონ ზომიერად და არ არიან მოვალენი მაგალითად, მინისტრები, ჩინოვნიკები, პრეზიდენტი, პრემიერი თუ სხვა?

- იქნებ რამდენიმე პატრიარქის ქონებაზეც ვისაუბროთ, მაგალითად, მსოფლიო პატრიარქის, რუსეთის, უკრაინის?

- ის თუ რა ქონებას ფლობს ამა თუ იმ ეკლესიის პატრიარქი, საკმაოდ კონფიდენციალური ინფორმაციაა და ამ საკითხს, სპეციალური ჟურნალისტური გამოძიების გარეშე ძნელად თუ დავადგენთ. მოგეხსენებათ, ისინი არ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციებს და თუ მაინც, იძულების წესით ასაჯაროებენ პირად ქონებას, საკითხი დაისმის ამგვარად: წვდომა იმ ქონებრივ სიკეთეებზე, რომელსაც მას ეკლესია სთავაზობს როგორც ეკლესიის მეთაურს - შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მის პირად სიმდიდრედ? აქაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩვენი მხრიდან გარეგანი დაკვირვების ინტერპრეტაციას.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს I საკმაოდ ზომიერად ცხოვრობს, წარმოადგენს რა, თავადაც ძალიან უბრალო და ამავე დროს ეკოლოგიური ცნობიერების, მოზომილი ცხოვრების წესის მქონე პიროვნებას. მეორე მხრივ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო შეზღუდულ მდგომარეობაში იმყოფება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ის არის რეზიდირებული და შესაბამისად, ვერც პატრიარქის ყოფა იქნება ფუფუნებით სავსე.

იხილეთ ვიდეო

სიმდიდრის, პომპეზურობისა და ფუფუნებისადმი მიდრეკლებით მართლმადიდებლურ სამყაროში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მაღალ იერარქს გადააჭარბა. ამ მხრივ იგი მთელი კლუბიდან ყველაზე ოდიოზურ პიროვნებად იქცა. სხვათა შორის, ხასიათის ხსენებული შტრიხით ის განსხვავდება წინამორბედი პატრიარქის ალექსი მეორისაგან. კირილი ჯერ კიდევ ეპისკოპოსობის პერიოდიდანაც ცნობილი იყო პირადი ბიზნესით, რომელიც თამბაქოს ნაწარმს უკავშირდებოდა. სიმდიდრისადმი მისი დამოკიდებულება ახალ საფეხურზე ავიდა, როდესაც იგი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური გახდა. მან ეკლესია კიდევ უფრო მიუერთა სახელმწიფო აპარატსაც და თავადაც სახელმწიფო მოხელის პრივილეგიები მიიღო, როგორიცაა სამუშაო სივრცე კრემლის შენობაში, სახელმწიფო დაცვა და ასე შემდეგ. არსებობს მთელი რიგი მასალებისა, მისი პირადი სიმდიდრის შესახებ. ცნობილია მისი სკანდალი ძვირადღირებულ საათთან დაკავშირებით, რომლის ვითომ ფოტოშოპის საშუალებით გაქრობაც სცადეს, მაგრამ მაგიდის ანარეკლზე მაინც დარჩა და ა.შ. ასევე თუ რა პრობლემებს იწვევს მისი ესკორტით გადაადგილება მოსკოვში ან როგორ უდიერად მოექცა ადგილობრივ მცხოვრებლებს საზაფხულო რეზიდენციის აგებით, რომლის შემოვლით მარშუტსაც მოსახლეობა სიკვდილის გზას უწოდებს.

უკრაინის, კიევის პატრიარქი ფილარეტი (ეს ეკლესია არაა აღიარებული მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ) მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ინსტიტუციურად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ალტერნატივა შექმნას, თავად მენტალურად ამ ეკლესიის იერარქებისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. ცნობილია, რომ კრიტიკულად შეაფასა რომის პაპის საქციელი, როდესაც პაპმა ყოველდღიურობის გაუბრალოება და პომპეზურობისაგან დაცლა მოინდომა. პატრიარქ ფილარეტსაც, სიმდიდრე და ქონებრივი თვითწარდგენა, ეკლესიის სიძლიერის გამოხატულებად მიაჩნია. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეკლესიის შიგნით ფინანსები სრულიად გამჭირვალეა, ყველაფერი დოკუმენტურ დონეზე აღირიცხება. როგორც მისსავე გარემოცვიდან ვიცი, თავად პატრიარქი ფილარეტიც საკმაოდ ზომიერად ცხოვრობს და მრევლის მიმართ ძალიან სოლიდარულია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია