"ბოლო 11 წელია იმ ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელიც არ მომწონს" - ამბობს "ვერსიასთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია და დასძენს, რომ პოლიტიკაში ჩართვა მისი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება და სიმართლე გაირკვევა, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება... გაზეთთან ინტერვიუში, გარდაცვლილი პრემიერის ძმა საინტერესო დეტალს ამხელს და ამბობს, რომ ერთ თვეში საზოგადოება მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებს:
- ზურას საფრთხის განცდა სულ ჰქონდა... სულ მქონდა შიში, რომ ზურას მოკლავდნენ. ზურას სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, დედაჩემს იქით ვამშვიდებდი, ახლა სჭირდებათ და ვინ მოკლავს-მეთქი, მაგრამ დედა პირდაპირ ამბობდა, მოკლავენო. ცოტა ხნით ადრე კი ერთი ჩემი მეგობარი მოვიდა, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრაზე მოხვდა, სადაც ჩემი მეგობარი, კიდევ ერთი ადამიანი, მიშა სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და ტარიელ ონიანი იმყოფებოდნენ. რაღაც თემებზე ლაპარაკობდნენ, მათ შორის, ზურას მოცილებაზე. ეს ადამიანი ზურას შევახვედრე... ამდაგვარი სხვა სიგნალებიც იყო, ანუ მშვიდი ცხოვრების განცდა არ გვქონდა... 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალში სიტუაცია რომ დაიძაბა და ხალხი დაიხოცა, ამ პრობლემის გადაჭრა სააკაშვილს მაშინაც ძალისმიერი მეთოდით უნდოდა, მაგრამ ზურა ჩაერია და ცხინვალში ჩასვლა მოუწია. მისი ესკორტი დაცხრილეს და, როგორც დაცვის წევრებისგან ვიცი, ეჭვია, რომ ოსური კი არა, ქართული მხრიდან დაცხრილეს.
- ზურას გვერდით სააკაშვილი როდიდან გახსოვთ?
- 1996 წელია, ზურა უკვე პარლამენტის თავმჯდომარეა, სააკაშვილს მანამდე არ ვიცნობდი... ზურას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, წყნეთში აგარაკი გამოუყვეს და ზაფხული იქ გავატარეთ. სანდრა და ედუარდიც ჩვენთან ერთად ისვენებდნენ. სააკაშვილი აქ არ რჩებოდა, მაგრამ რეგულარულად ამოდიოდა...
- სააკაშვილის მიმართ როგორი განწყობა გქონდათ?
- თავიდან ჩვეულებრივი - ზურას დაახლოებულ პირად მიმაჩნდა, მაგრამ ცოტა უცნაური ქცევით გამოირჩეოდა და შეუძლებელი იყო, ეს თვალში არ მოგხვედროდა, თუმცა თუ ასეთი ბოროტი და, არ მინდა, ძალიან უხეშად გამომივიდეს, უწესო ადამიანი იყო, არ მეგონა. სხვათა შორის, მაშინ ერთმა ძალიან გავლენიანმა ადამიანმა, ზურასთან რაღაც სუფრა იყო და იქ მითხრა, ბიძამისი "კაგებეშნიკია" და მიშაც შეკრული ჰყავთო, მაგრამ ეს რაღაც შიდა პოლიტიკურ ძიძგილაობად აღვიქვი...
ვანო პავლიაშვილი
გაზეთი "ვერსია"