ნეტავ რა წყევლაა ასეთი, ქართულ ძიუდოში ყველა თაობამ ბუნტი რომ უნდა მოაწყოს და ყველა ოლიმპიურ ციკლში წარმატებების მაგივრად სკანდალებს უნდა ვუყუროთ?! დარბაზის გათბობის პრობლემიდან დაწყებული უთანხმოება გაღუნულ შტანგებზე ვარჯიშამდე და ნაკრების ცუდ პირობებში მომზადებამდე მივიდა, ყველაფერი კი სპორტსმენთა მიერ ქომაგთა გინებით და საქართველოდან წასვლის მუქარებით დასრულდა.
სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა - განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ. როგორც ამ ბოლოს მოდად იქცა, ძირითადი კამათი ფეისბუქზე გაიმართა და სწორედ იქ გაჩნდა ქომაგთა საგინებელი პოსტები, ავთანდილ ჭრიკიშვილის გვერდიდან. იქვე იყო ასევე გინება ტელევიზიებისადმი, რომ მისი ინტერვიუ სრულად არ გაუშვეს, და მუქარაც, მაგათ ინტერვიუს არასოდეს მივცემო.
ჩემთვის ცოტა ძნელია იმის მტკიცება (მით უფრო, არა ვარ ფეისბუქმომხმარებელი, ხოლო ის პოსტები სხვა ფორუმზე ვნახე გადაბეჭდილი), ეკუთვნის თუ არა ის გვერდი ნამდვილად ჭრიკიშვილს, ან მართლაც მან დაწერა თუ არა ის პოსტი, თუმცა არაა ახალი გვერდი და თან საყოველთაო მოსაზრებით, ნამდვილად ჭრიკიშვილისაა და ნამდვილად მისი სახელით გავრცელდა, ოღონდ ორიოდე საათში წაიშალა. ამასთან არც ჭრიკიშვილს უარუყვია იმ გვერდთან კავშირი.
ამას უკვე ფეისბუქზეც და საიტებზეც მოჰყვა მუქარა საქართველოდან წასვლის შესახებ, რაშიც სხვა სპორტსმენებიც ჩაებნენ...
თავად სპორტსმენებს მინდა მივმართო: შეანელეთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში (მით უფრო, შეკრებაზე ხართ), მოზომეთ ემოციებიც და სათქმელიც. გვესმის, რომ იმ დღეებში დარბაზში მეტი სითბოც გჭირდებოდათ; იქნებ სხვა პრეტენზიებიც საფუძვლიანია (თუმცა ორივე მხარის არგუმენტების გაცნობამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებ), რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ ფედერაციასთან, რაოდენ მძიმე პირობებშიც უნდა გიწევდეთ ვარჯიში, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას, ქომაგებს აგინოთ (ცხადია, თუ ის მართლაც ჭრიკიშვილის დაწერილი პოსტია). იმ ქომაგებს, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება თავად მათ ანაზღაურებას.
აკი იმ გინებას მოჰყვა კიდეც ქომაგთა დიდი უკმაყოფილება ინტერნეტში: "თურმე უსაქმურები ვყოფილვართ, ამათ საქომაგოდ ღამეებს რომ ვათენებდით", "აწი მე ამათ არ ვუქომაგებ"; "აბა, დღეს ვის ვქომაგობთ - სამხრეთ კორეას თუ ვის?" - ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტები მრავლად გაჩნდა.