გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბრაკონიერობაში ამხილა, თანამდებობა დატოვა. ღვედაშვილის განცხადებით, მას დათვზე უკანონო ნადირობაში არასდროს მიუღია მონაწილეობა და არც მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველების მოკვლასთან კავშირს ადასტურებს, მაგრამ პროკურატურის იმიჯზე ზრუნავს და ამიტომაც მიმართა მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, გამეკეთებინა განცხადება ბოლო პერიოდში მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაფიქსირებული ვართ მე და ჩემი მეგობრები მოკლულ დათვთან. მინდა, აღვნიშნო, რომ თითქმის ოცი წელია ვმუშაობ პროკურატურის სისტემაში და ჩემი მუშაობის, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი იყო კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობა. არასოდეს გადამიხვევია კანონის მოთხოვნებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ დათვზე უკანონო ნადირობაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც მასმედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველის მოკვლასთან კავშირს ვადასტურებ, სწორედ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ დამატებითი კითხვები, რამაც შეიძლება, იმოქმედოს პროკურატურის იმიჯზე, იმ უწყებაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მე მივიღე გადაწყვეტილება და საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართე განცხადებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნულია ლევან ღვედაშვილის განცხადებაში, რომელიც სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს.