ინტერნეტ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციების დაწესების ინიციატივით ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის ბოლოს გამოვიდა. მას შემდეგ საკითხი საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტ-კაზინოების შეზღუდვა. ჯერჯერობით ინიციატივა მხოლოდ ინიციატივის დონეზეა და უცნობია, რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება ინტერნეტ-კაზინოების მიმართ. AMBEBI.GE იმის გარკვევას შეეცადა, თუ როგორ შეიძლება სფეროს შეზღუდვა და რა ვითარებაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. საკითხზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსს, ზურა კუკულაძეს ვესაუბრეთ. აფბა ონლაინ-კაზინოების შეზღუდვის ინიციატივაზე მუშაობს და აპირებს რეკომენდაციებით მიმართოს მთავრობას:
- ონლაინ-კაზინოების აკრძალვა პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს, იმიტომ რომ ამ სისტემაში ჩართულია საქართველოს დაახლოებით 400 000 მოქალაქე, შესაბამისად, ასე ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაჭრა ვერ მოხდება. ჩვენი აზრით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია მკაცრი რეგულაციების შემოტანა.
- კონკრეტულად, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ინტერნეტ-კაზინოები შეიზღუდოს?
- პირველ რიგში, უნდა მოხდეს მოთამაშის სრულყოფილი იდენტიფიცირება, ანუ უნდა შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც მოხდება მოთამაშის დარეგისტრირება და არა ისე, როგორც დღეს ხდება, რომ სრულწლოვანი იქნება თუ არასრულწლოვანი, ყველას შეუძლია ნებისმიერი თერთმეტნიშნა ციფრის კომბინაციით დარეგისტრირება. მეორეც, აუცილებელია წაგებების ლიმიტების დაწესება. ეს უნდა იყოს მიბმული მოთამაშის შემოსავლებზე, თუ მოთამაშეს არ აქვს შემოსავალი, მაშინ მას უნდა აეკრძალოს თამაში.
მესამე რეკომენდაცია არის ის, რომ სახელმწიფოს, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა ამ სისტემაში ფულის მოძრაობის არხებზე, რათა გაუმჯობესდეს თვითონ დარგის ადმინისტრირება და მაჩვენებლების დაცვა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ფულის გათეთრების საკითხები. არსებობს ევროკავშირის შესაბამისი ინსტრუქცია, რომ ჩვენთან არსებული ონლაინ-კაზინოების სისტემა ფულის გათეთრების ძალიან დიდ რისკს შეიცავს. იმ პირობებში, როდესაც მოთამაშე არ არის იდენტიფიცირებული, იმ პირობებში, როდესაც ფულის წაგებების ლიმიტი არ არსებობს, ფულის შეტანის ან გამოტანის ლიმიტები არ არსებობს და საერთოდ არ არის ცნობილი ამ ფულის წარმომავლობა, ეს ყველაფერი აჩენს ფულის გათეთრების რისკებს.
- თქვენი აზრით, ამ რეგულაციების გატარებას დაახლოებით რა პერიოდი დასჭირდება?
- პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი ასოციაციის ინიციატივა და რეგულაციები გულისხმობს ონლაინ-კაზინოების მხოლოდ შეზღუდვას. მონდომების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ 6 თვეში რეალურად მოქმედი რეგულაცია ამუშავდეს.
- ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით რა ვითარებაა სხვა ქვეყნებში?
- შესწავლილი გვაქვს ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყანა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება და მინდა გითხრათ, რომ ონლაინ-თამაშები პრაქტიკულად თითქმის ყველა ქვეყანაშია აკრძალული, ან როგორც მინიმუმ, არსებობს წაგების ლიმიტები. რატომ არის აუცილებელი წაგების ლიმიტები? იმიტომ, რომ ონლაინ-თამაშების და ზოგადად აზარტული თამაშების სისტემას აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე. ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ მორალურ, ემოციურ და მსგავს სოციალურ ფაქტორებზე, რომელიც არის შედეგი, ხოლო მიზეზი არის ის, რომ აზარტული თამაშების მასობრიობა ეკონომიკაში ბევრ ნეგატიურ მომენტს იწვევს.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE