ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დის, ირინა ცააძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცააძის თქმით, აღნიშნული მოწმე ის ქალბატონი იყო, რომელიც სოფელ ყალაფილაში, ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას, კერძოდ სასაფლაოზე დამლაგებლად მუშაობდა.
თუმცა, ყარაფილას მცხოვრებლების ინფორმაციით, ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში არ გარდაცვლილა და ის გრიპის ვირუსს ემსხვერპლა. მათი ინფორმაციით ირინა გოგილაშვილი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა და ის გუშინ დაკრძალეს.
"ირინას გრიპის ვირუსი ჰქონდა. რამდეჯერმე სასწრაფოც გამოიძახა, თუმცა თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან უქმე დღეები იყო, თუმცა შემდეგ, როცა ვითარება დამძიმდა, ის კლინიკაში მოათავსეს. კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ორი დღე მკურნალობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - აცხადებენ ყარაფილელები.