თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის კომენტარს ასაჯაროვებს, რომელიც მანანა კობახიძემ ელისაშვილს ერთ-ერთ პოსტზე დაუწერა: "ალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი (ასე ვფიქრობ თანაც კანონიერად ჯიგარო) და გული მიგრძნობს, შავ დღეში ჩავარდები ჯიგარო", - წერს პროფილიდან "მანანა არჩილ კობახიძე", რომელიც ცნობილია, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერის პირადი ფეისბუქ-გვერდი.
ელისაშვილი კომენტარის ფოტოს ავრცელებს და შემდეგ წარწერას ურთავს: "ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბატონო მანანა თქვენდა სამწუხაროდ! ჯერ ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე სპიკერის, მერე შინაარსს დაუკვირდით: ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა: 1. საიდან იცის ეჭვმიტანილმა კობახიძემ რა ჩაიწერა გამოძიებამ? 2. და რაც მთავარია საიდან იცის ამ ჩანაწერის შინაარსი? ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე" - წერს ელისაშვილი.
მანანა კობახიძე სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილსა და "კოკაინის საქმის" ერთ-ერთ ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილს შორის შემდგარ საუბარს გულისხმობს, რომლის შესახებაც ელისაშვილმა თავად ისაუბრა "ინტერპრესნიუსთან". მისი თქმით, 22 იანვარს, რუსთავის ქალთა საპატიმროში ანასტასია ზაუტაშვილი მოინახულა. ელისაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა ზაუტაშვილის სურვილით შედგა და ოთხი საათი გაგრძელდა. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, შეხვედრის დღეს ანასტასია ზაუტაშვილი შიმშილობდა. შეხვედრის შემდეგ კი ელისაშვილს კვლავ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ელისაშვილის თქმით, ანასტასია ზაუტაშვილი მისი წამების ფაქტზე გამოძიების დაჩქარებას და ასევე ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვდა. საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, რომ სურს ანასტასია ზაუტაშვილს დაეხმაროს მისი წამების ფაქტის გამოძიების დაჩქარებაში, რისთვისაც კვალიფიციური ადვოკატის მოძებნას დაპირდა.