პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც გადაცემა "პროფილს" უკავშირდება. "პროფილის" მორიგი გადაცემა ბავშვთა სუიციდის თემას ეძღვნება. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თხოვნით მიმართავს "რუსთავი 2"-ს, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში არ გაუშვან. ხუნდაძის განცხადებას "პროფილის" ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" რამდენიმე პოსტი მიეძღვნა, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:
"უკვე რამდენიმე დღეა, გარკვეული ადამიანები აკრიტიკებენ გადაცემას, რომელიც ჯერ ეთერში არ გასულა. ცოტა უცნაურია ამტკიცო, რომ რაღაც არ ვარგა, მაშინ როცა ეს "რაღაც" ჯერ არ გინახავს. ბოლო ორი წლის მანძილზე მოზარდებში სუიციდის შემთხვევები საგრძნობლადაა მომატებული, ამას ამტკიცებს ყველა სპეციალისტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვალის დახუჭვა და წაყრუება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ პრობლემასთან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. გადაცემა მშობლებისთვისაა, რომლებსაც შვილები გარდატეხის ასაკში ჰყავთ! ძალიან გთხოვთ, ნუ უწყობთ ხელს სკანდალის შექმნას იმ თემის ირგვლივ, სადაც ძალიან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. დიახ, დუმილი დანაშაულია! როცა ქვეყანაში ერთ წელიწადში 100-ზე მეტი სუიციდის შემთხვევა ხდება - ამას წაყრუება კი არა მიზეზების კვლევა სჭირდება! და მუდმივად სეირის მაყურებლის როლში ყოფნა, როცა ბავშვები იღუპებიან - სირცხვილია!"
"მოზარდთა სუიციდის თემაზე მუშაობის დროს, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ კვალიფიციურ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან, გავეცანით ამ თემის გაშუქების საერთაშორისო პრაქტიკას, ვაცნობიერებთ რამდენად ფრთხილი მიდგომა სჭირება საკითხს, შესაბამისად ღია ვართ ნებისმიერი რჩევის და რეკომენდაციის მისაღებად, თუ ის საქმის გაკეთების სურვილითაა ნაკრნახევი და არ ემსახურება სკანდალის და ხმაურის ატეხვას. ასეთი შეხვედრა ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ჯგუფთან ხვალაც გვაქვს დაგეგმილი. გადაცემის მიზანია სუიციდის პრევენცია და არა ხმაური და სკანდალი. თუ შეიძლება ნუ შეუწყობთ ამას ხელს".
"მოზარდთა სუიციდის თემაზე გადაცემის მომზადების ერთ-ერთი მოტივატორი, სახალხო დამცველის ანგარიში იყო, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება წინასწარი შეფასება და დასკვნები გადაცემაზე, რომლიც ჯერ ეთერში არ გასულა. მით უფრო მაშინ, როდესაც გადაცემაზე მუშაობის დროს ჩვენ დავუკავშირდით სახალხო დამცველის ოფისს და მოვიწვიეთ მათი წარმომადგენელები მსჯელობაში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც მათ უარი განაცხადეს, თუმცა არ უთქვამთ რომ ამ თემაზე გადაცემის მომზადება არ იყო რეკომენდირებული!. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გადაცემა მომზადებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და კვალიფიცური სპეციალისტების რეკომენდაციით, რომლებიც თემის განხილვაში თავად მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ბავშვთა სუიციდის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. და ჩვენც ამ თემაზე მუშაობა სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიის გამო დავიწყეთ. ჩვენთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება აჟიოტაჟი ეთერში ჯერ არ გასული გადაცემის ირგვლივ. და რატომ კეთდება წინასწარი კატეგორიული შეფასებები იმაზე, რაც ეთერში ჯერ არავის უნახავს!".
იხილეთ ასევე: რატომ ითხოვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი "პროფილი" ეთერში არ გავიდეს