საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.
"შეხვედრა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის", - განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, თედო ჯაფარიძე არის წონიანი დიპლომატი, რომელიც შესაძლებელია პირისპირ დაჯდეს ლავროვთან.
"საკმაოდ კარგად უპასუხა ბატონმა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. თედო უფრო ფრთხილი და მოზომილია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისევ დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა. თედო ჯაფარიძე არის მძიმე წონიანი დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან", - განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, თედო ჯაფარიძე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება.
"ის არის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მას შეუძლია აღიჭურვოს გარკვეული უფლებებით და მონაწილეობა მიიღოს ასეთ შეხვედრებში", - აღნიშნა ქანთარიამ.