დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, თუმცა ქვეყანაში კვლავაც არის ელიტური კორუფციის რისკები, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა Transparency International-ის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.
გიგაურმა აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში კორუფციის აღქმის მხრივ საქართველოში ვითარება არ შეცვლილა.
"ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს დონე შენარჩუნებულია, თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა მთავრობამ უნდა იზრუნოს უკეთესი შედეგის დასადებად. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, თუმცა კვლავაც არის ქვეყანაში ელიტური კორუფციის რისკები. იმისთვის, რომ ეს რისკები არ არსებობდეს, მნიშვნელოვანია შეიქმნას ქმედითი მექანიზმები. ერთ-ერთი ასეთი ქმედითი მექანიზმი იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც დაექვემდებარება არა აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ პარლამენტს და რომლის მიზანი იქნება იმ ელიტური კორუფციის ფაქტების გამოვლენა და გამოძიება, რომლებიც დაკავშირებულია მინისტრებთან, მინისტრის მოადგილეებთან, მერებთან, გამგებლებთან და ა.შ.", - განაცხადა გიგაურმა.
მისი თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ შემუშავებული და პარლამენტში წარდგენილია შესაბამისი კანონპროექტი ასეთი სამსახურის შექმნის თაობაზე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) საქართველო 168 ქვეყანას შორის, 100 შესაძლებლი ქულიდან 52 ქულით 48-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს 49 ქულა (55-ე ადგილი), ხოლო 2014 წელს - კვლავ 52 ქულა (50-ე ადგილი). ისევე, როგორც გასულ წელს, საქართველოს მაჩვენებელი (52 ქულა) საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. ამავე დროს, საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: უნგრეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს. ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა.
2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალია დანიაში (91 ქულა), ფინეთში (90 ქულა) და შვედეთში (89), ყველაზე მაღალი კი ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა).
კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი კომპოზიტური ინდექსია და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებს ემყარება. საქართველოს ქულა 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში შემდეგი კვლევების მონაცემებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, "გლობალ ინსაითის" ქვეყნების რისკის რეიტინგი და "ფრიდომ ჰაუსის" ტრანზიციული ქვეყნების კვლევა.
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.