საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასკომმა ფედერაციაში გამართულ სხდომაზე მიიღო.
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა.
კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. კერძოდ, სფფ კახა ცხადაძეს ხელფასის საგრძნობლად შემცირებას და საბონუსე სისტემას სთავაზობდა. თავის მხრივ კი, ცხადაძემ ეს შეთავაზება არ მიიღო და ფედერაციას თავისი პირობა წაუყენა – ხელფასის 25%-ით შემცირება, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი აღნიშნული 25%-ის უკან დაბრუნება. ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა კახა ცხადაძის ხელფასის ოდენობა და სფფ-ს მიმართ მისი ვალი გამოააშკარავა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ კახა ცხადაძე თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა.
კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2015 წლის მარტიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნის.