მალე, საქართველოში წარმოებული ავტომობილისთვის საერთაშორისო VIN-კოდის (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) მინიჭება იქნება შესაძლებელი, რაც მწარმოებელს მანქანის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საშუალებას აძლევს. ცნობილია ისიც, რომ საქართველოში ავტომობილების დამზადებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრომ ავტომობილების მწარმოებელ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან მოლაპარაკება დაიწყო. თუმცა, მის სახელს ჯერჯერობით არ ამხელენ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ავტოწარმოების თვალსაზრისით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რისი ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია, წარწერა "წარმოებულია საქართველოში" ავტომობილებზეც გაჩნდეს.
ზურაბ კირტავა, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარი კონსტრუქტორის საკონსტრუქტორო განყოფილების ყოფილი უფროსი: ეს საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, სჯა-ბაასი იქნება და უცხოელ ინვესტორებსაც ექნებათ მოსაზრებები ამ საქმის რენტაბელობასთან დაკავშირებით. თუმცა, არის გარემოებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. მოგეხსენებათ, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა საქართველოში სიდიდით მეორე საწარმო იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შემდეგ. მაქსიმალური დატვირთვის დროს ავტოქარხანაში 18 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, წლიურად ეწყობოდა 20 ათასამდე სატვირთო ავტომობილი და უამრავი სათადარიგო დეტალი (ავტომობილის თითქმის ყველა აგრეგატი მზადდებოდა, ძრავიდან წვრილმან აქსესუარებამდე). 80-იანი წლებიდან პრიორიტეტი გახდა მაღალი გამავლობის, ორხიდიანი მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილი "კაზ-4540" მისაბმელით - სასოფლო-სამეურნეო ტვირთებისთვის. 70-იანი წლების ბოლოს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების წარმოებაზეც კი მსჯელობდნენ.
- როგორც მივხვდი, ავტოწარმოებისთვის ქუთაისის ავტოქარხნის ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ფიქრობთ, მაგრამ დღეს ქარხნისგან თითქმის არაფერია დარჩენილი...
- სამწუხაროდ, ავტოქარხნისგან ლამის მხოლოდ დასახლების სახელიღა დარჩა. ერთ დროს გიგანტური საწარმო მრავალმხრივი ტექნიკური აღჭურვილობით, საკუთარი თბოელექტროსადგურით, ლითონჩამომსხმელი, სამჭედლო და სატვიფრი საამქროებით, საიარაღო წარმოებით, სპეციალური ინფრასტრუქტურითა (მათ შორის, სარკინიგზო ხაზით) და 35-ათასიანი დასახლებით ბოლო ათწლეულებში უპატრონობის გამო გაპარტახებულია. 1950-იან წლებში აშენებული ქარხნის ძველი შენობები ამორტიზებულია, მაგრამ ორი უზარმაზარი საამქრო, რომლებიც 80-იან წლებში აშენდა მაშინდელი სტანდარტების დაცვით, ჯერაც ფასეული უნდა იყოს პოტენციური ინვესტორისთვის, რადგან 100-წლიან ვადაზე გათვალეს.
მეორე გარემოება, რის გამოც ავტოქარხანა ქუთაისში უნდა განთავსდეს, სარკინიგზო, საზღვაო და ავიატრანსპორტის შესაძლო გამოყენებაა. ქუთაისიდან ფოთის (და მომავალში - ანაკლიის ღრმაწყლიან) პორტამდე მანძილი 100 კმ-ზე ნაკლებია, რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ორი აეროპორტია და ქარხანაში სარკინიგზო ხაზიც შედიოდა განაგრძეთ კითხვა