ბინის დათვალიერება, სადაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს, თითქმის 8 საათი მიმდინარეობდა. ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დათვალიერებაში მონაწილეობდა დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, საინტერესო დეტალები ნახა, თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.
"საინტერესო საკითხები იყო, რაზეც ვერ ვისაუბრებ. ეს ყველაფერი ამოღებულია. ლაბორატორიული კვლევებისთვის გადაიგზავნა საკმაოდ საინტერესო მასალა, რომელიც იმედი მაქვს, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შემატებს გამოძიებას", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.
დამოუკიდებელი ექსპერტი "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით, დაათვალიერებს იმ ავტომობილსაც, რომელშიც კუჭავამ გამოძიების ინფორმაციით, თავი მოიკლა.
სასამართლო-სამედიცინო ექსტპერტიზებში მონაწილეობის უფლება მაია ნიკოლაიშვილს თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილთან შეხვედრისას მიეცა.
ბიძინა კუჭავას ოჯახი და ადვოკატები შაყულაშვილს გასულ კვირას შეხვდნენ.