პრეზიდენტობის ამერიკელ კანდიდატებს, დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონს შორის პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება. როგორც უცხოური მედია იუწყება, პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი, დონალდ ტრამპი კლინტონის საწინააღმდეგოდ ამჯერად ამერიკელებს, "ბენგაზის საიდუმლო ჯარისკაცების" უფასო ჩვენებებს სთავაზობს.
მაიკლ ბეის ახალი ბლოკბასტერი "ბენგაზის საიდუმლო ჯარისკაცები" 2012 წელს ბენგაზიში დიპლომატიურ კორპუსთან მომხდარ ტერაქტს აღწერს, რომელმაც 4 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა. კრიტიკოსები მომხდარში პირადად ჰილარი კლინტონს ადანაშაულებენ, გარკვეული შეცდომის დაშვებაზე მიუთითებენ და მიიჩნევენ, რომ ფილმში აღწერილი მოვლენები მის პოლიტიკურ კარიერაში "დიდი შავი წერტილია".
აიოვას შტატის მცხოვრებლებს, რომლებიც მაიკლ ბეის ახალ ბლოკბასტერს ელოდნენ, დონალდ ტრამპის წყალობით, მისი უფასოდ ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. ტრამპმა, რომელიც მიიჩნევს, რომ "ბენგაზის საიდუმლო ჯარისკაცები" ზიანს მიაყენებს კლინტონის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, კინოდარბაზი დაიქირავა და აღნიშნული ფილმის ბილეთებს უფასოდ გასცემს.
თავად ჰილარი კლინტონი კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, გადატვირთული საპრეზიდენტო კამპანიის გამო ფილმის ნახვა ვერ მოახერხა.