ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ბაქტერიული გენების დაავადების ელვისებური ფორმა, მენინგოკოქცემია გახდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, ჩვილს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა.
"გუშინ შემოვიდა შეტყობინება ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრიდან 4 თვის ბავშვის გადაცვალების შესახებ. გარდაცვალების დიაგნოზი გახლავთ მენინგოკოქცემია, შოკი. ეს არის ბაქტერიული გენების დაავადების ელვისებური ფორმა. მენინგოკოქცემია არის მენინგიტით გამოწვეული დაავადება, რომელიც ელვისებურად და მძიმედ ვითარდება. ჩვენი იფორმაციით, ბავშვს წინა ანამნეზი ან რამე პრობლემები არ აწუხებდა და უცებ განუვითარდა დაავადება", - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, ჩვილი საავადმყოფოში 23 იანვარს ღამის პირველ საათზე მოათავსეს, ხოლო 24 იანვარს დღისით დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.