ზამთრის დადგომასთან ერთად, გუდაურისა და ბაკურიანის ულამაზესი სანახები ხალხით ივსება. მშვენიერი ბუნება, თხილამურები, თოვლი, გართობა და ახლობელ ადამიანებთან ერთად დასვენების სურვილი აქ უამრავ ადამიანს იზიდავს. ყველაზე დატვირთული მაინც შობა-ახალი წლის დღეებია, რომელიც არდადეგებს ემთხვევა. სამწუხაროდ, 2016 წლის იანვარში, ამ კურორტებზე ზედიზედ ორი ტრაგედია დატრიალდა: 10 იანვარს, გუდაურში უბედურ შემთხვევას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა. სასრიალო ტრასაზე ახალგაზრდა ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 9 იანვარს ბაკურიანში მომხდარი კიდევ ერთი უბედური შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა: ის მეუღლესთან ერთად თოვლმავალს მართავდა და ამ დროს ბოძს შეეჯახა.
ტრაგედიას ჩვენი საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც, მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს ზამთრის კურორტებზე აქამდე არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, უწყება შეეცდება, ათი დღის განმავლობაში შესაბამისი კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გაიტანოს. შს მინისტრმა კი, ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც აბსოლუტურად ყველა ზამთრის კურორტზე პატრული იმორიგევებს. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ღონისძიებები უფრო ადრე უნდა გაეტარებინათ, რადგან საქართველოს მთის კურორტებზე წლების განმავლობაში არ იყო დაცული დამსვენებელთა უსაფრთხოება.
ნიკა ერქომაიშვილი, "სამთო გიდების ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი:
- წლების განმავლობაში ვმუშაობდი გუდაურსა და ბაკურიანში როგორც გიდად, ასევე - მწვრთნელად. 1990-იანი წლებიდან ვაკვირდები, იქ რა ხდება: დამსვენებლები დილის 9-10 საათიდან საბაგიროსთან დგანან და ყველას დასანახავად სვამენ. ეს საშინელებაა. ძირითადი პრობლემა ამ კურორტებზე კონტროლის არარსებობა იყო. მე თვითონ, არაერთხელ მიპოვია თოვლში პატარა, 15-16 წლის გოგონები, რომლებიც უგონოდ მთვრალები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ბიჭები ან მამაკაცები რა დღეში იქნებიან? ეს უბედური შემთხვევებიც იმიტომ ხდება, რომ ჩვენი კურორტები წლების განმავლობაში არ იყო დაცული. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თვითონ ქართველი ტურისტების განათლების დონეც ძალზე დაბალია: უმეტესობამ არ იცის, რომ ნასვამ მდგომარეობაში მთაზე ასვლა ან თხილამურებზე დგომა იგივეა, რომ ნასვამი მძღოლი იჯდეს საჭესთან. უარესიცაა. ეს პრობლემა საქართველოს მთის კურორტებზე ყოველთვის იყო: ჯერ თბილისიდან გასულები არ არიან, რომ უკვე არაყს სვამენ. სამწუხაროდ, ამას არც კანონი არეგულირებდა და არც სამაშველო სამსახურს ჰქონდა უფლება მსგავსი ფაქტები აღეკვეთა. ეს ახლა გახმაურდა, რადგან რამდენიმე შემთხვევა დაემთხვა ერთმანეთს, თორემ ტრაგედია იქ ყოველთვის ხდებოდა. ტურისტების დამტვრევა და მოტეხილობაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. სხვათა შორის, წლების განმავლობაში იგივე ხდებოდა შავიზღვისპირეთშიც: სკუტერები ნაპირთან ახლოს დადიოდნენ და რამდენჯერმე სკუტერმა მოცურავესაც გადაუარა. იგივე ხდებოდა გუდაურსა და ბაკურიანშიც. ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ სანამ უბედურება არ დატრიალდება, მანამ არ გამოვფხიზლდებით ხოლმე! ჩემი აზრით, სამაშველო სამსახურსაც უნდა მისცენ უფლება, რომ აღკვეთოს ნასვამი ადამიანების მოძრაობა ან პოლიცია ჩაერთოს. ასეთ "ტურისტს" საერთოდ უნდა ჩამოერთვას თხილამურები და სრიალი აეკრძალოს. მთის კურორტებზე წესრიგის დამყარებას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს აკრძალვები აუცილებლად უნდა დაწესდეს. ძალიან ბევრგან ვარ უცხოეთში ნამყოფი, ლუდი და შედარებით მსუბუქი სასმელები ყველა კურორტზე იყიდება, მაგრამ იქ ასეთი რამ არ ხდება. მთვრალ მოთხილამურეს იქ ვერსად წააწყდებით. ასეთები თავის თავსაც საფრთხეს უქმნიან და გარშემო მყოფებსაც. ამის გამოსწორება მხოლოდ ალკოტესტების შემოღებითა და კონტროლის გამკაცრებით შეიძლება: ერთი და ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ადამიანს სრიალის უფლებას რომ ჩამოართმევენ, მერე უკვე აღარავინ დალევს. უცხოეთში მოსრიალის ან ფეხით მოსიარულის გვერდით ბურანისა თუ სხვა ტრანსპორტის მოძრაობაც არ შეიძლება. ყველაფრის მოგვარება შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომდე ამას თვალყურს არავინ ადევნებდა. საზღვარგარეთის კურორტებზე თუ მოთხილამურე უადგილო ადგილას მოძრაობს ან წესებს არღვევს, სპეციალურ სამსახურს შეუძლია, ჩამოართვას თხილამურები და ტრასიდან გამოიყვანოს. იმედია, ამას ჩვენც მივაღწევთ.
ლელა ხარატიშვილი, კონსულტანტი ტურიზმის საკითხებში:
- არდადეგებზე ჩემი შვილიც იყო ბაკურიანში და რომ წარმოვიდგენ, იქ რა მოხდა, ძალიან განვიცდი. ვფიქრობ, ეს იმ ბიჭისთვისაც დიდი ტრაგედიაა, რომელიც გადარჩა, მაგრამ უბედურების მიზეზი გახდა. ალბათ უკვე დადგა დრო, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ვიზრუნოთ. ტურიზმი საქართველოში ბოლო წლებში განვითარდა, ამიტომ ამ სფეროში ბევრი რამ დასახვეწი და გასაკეთებელია. როგორც ვიცი, მაშველები, რომლებიც გუდაურსა და ბაკურიანში მუშაობენ, მართლა პროფესიონალი და კარგი ხალხია. მათ მომზადებაზე ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, მაგრამ ყველაფერი მათზე არ არის დამოკიდებული. თუ დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე კანონმა არ იზრუნა, ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ღონისძიებაა ჩასატარებელი: უნდა მოხდეს ეკიპირება, როდესაც ადამიანი რთულ ტრასაზე სასრიალოდ მიდის, ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს, სათხილამურო ტრასებიც სირთულის მიხედვით უნდა დაიყოს და მკაცრად გაკონტროლდეს. როდესაც ადამიანი სრიალს სწავლობს, დაახლოებით ისევე ფრთხილად უნდა იყოს, როგორც დამწყები მძღოლი. სასწავლო ტრასებზეც უნდა შეიზღუდოს თხილამურებით სრიალი, ხოლო იქ, სადაც ბავშვები (თუ დიდები) სრიალს სწავლობენ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. ასევე უნდა აიკრძალოს სკუტერებით სიარული იქ, სადაც ხალხი დადის, უნდა გააკონტროლონ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები. როგორც მძღოლებს აჩერებენ, ისე უნდა გააჩერონ და ალკოტესტით შეამოწმონ. ამ ყველაფერს სჭირდება გუნდი, ვინც ამას გააკეთებს. კარგია, რომ გადაწყდა და იქაურობას პატრული გააკონტროლებს - ეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა მოთხოვნა იყო. როდესაც ამ დარგს პოპულარობას ვუწევთ და ჩვენს კურორტებზე სულ უფრო მეტი ხალხი დადის, იქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გაძლიერებაც აუცილებელია. სამწუხაროდ, ცუდმა ფაქტებმა ბევრი რამ გვასწავლა და დაგვანახვა. განაგრძეთ კითხვა