გვიან ღამით სოციალურ ქსელში, უკრაინული ტელეკომპანია Еспресо.TV-ს მიერ ბორისპოლის აეროპორტში გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი რეზი ოძელაშვილი არიან აღბეჭდილნი. ტელეკომპანიასთან ინტერვიუში სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ორი ქართველი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გაითიშნენ და ამის შესახებ სამართალდამცავებს ტაქსის მძღოლმა შეატყობინა. ვიდეო ორი თვის წინ არის გადაღებული, თუმცა საჯაროდ წუხელ გავრცელდა. გარკვეულ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს იყო შურისძიება მიშა მესხის მიმართ. ცნობილია, რომ მიშა მესხის ოჯახს მიხეილ სააკაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მესხიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არასდროს ერიდებოდა კრიტიკულ შეფასებებს.
"ambebi.ge" შეეცადა მიშა მესხთან დაკავშირებას, რომელიც ამ ეტაპზე ინტერვიუსგან თავს იკავებს. თუმცა, მოვახერხეთ მიშას დას, მარი მესხს დავკავშირებოდით:
- მარი, როდის მოხდა ეს ფაქტი?
- ეს ფაქტი ნოემბერში მოხდა, როცა მიშა და მისი მეგობარი კიევში ქორწილში იყვნენ და უკრაინაში ერთი კვირით დარჩნენ. ალბათ, ის ერთი კვირა საერთოდ არც ეძინათ და გადაიღალა ორივე. როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, იმ დღესვე ჩავედი უკრაინაში. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მიშას და მის მეგობარს სასმელისგან და ლირიკისგან მოეწამლა ორგანიზმი, ასე ვთქვათ, "პერედოზი" დაემართათ ლირიკისგან და სასმელისგან. ძალიან დაგვიდგა გვერდით საკონსულო და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ახლა ვნახე ვიდეო, ძალიან ცუდად არის ნაჩვენები ყველაფერი. ფაქტია, რაღაცაშია საქმე, შავი პიარის აგორება უნდოდათ მიშას მიმართ. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი დღით ადრე დაიწერა, რომ მიშა მესხი მოკვდა. მინდოდა მეჩივლა, მაგრამ აღარ ვიჩივლე. ენას დიდი ძალა აქვს, ალბათ.
- იცოდით ამ ვიდეოს შესახებ? ხომ არ აპირებთ, რომ პასუხი მოსთხოვოთ უკრაინელ სამართალდამცველებს და ტელეკომპანიას ამის ღიად ჩვენებისთვის?
- არ ვიცოდი, გადაღებული რომ იყო ეს მასალა. რატომ უნდა ვუჩივლო? მათი ნებაა, როგორც უნდა, ისე აჩვენებენ. ერთ რამეზე მწყდება გული... ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო, ფანტასტიკურად არის და არ მინდა ნერვები მოეშალოს. მიშასთვის არც დამირეკავს, ზუსტად ვიცი, რომ მკვდარია, ისე განიცდის. პრობლემები ყველა გვაქვს, მათ შორის მიშასაც, მაგრამ ამას ხომ არ მოყვება? მისთვის ისიც პრობლემაა, რომ არ არის რეალიზებული. საქართველოში მსახიობის ბედი ასეთია. არ მინდოდა ინტერნეტში კომენტარების წაკითხვა, მაგრამ მაინც წავიკითხე. მივმართავ ხალხს, თავი შეიკავოს ლანძღვისგან. 90-იანი წლებიდან გამომდინარე ყველა ნარკოტიკებით არის გაუბედურებული. დედებს, დებს, ძმებს ვთხოვ, ნუ იტყვიან ცუდს ნურავიზე. ღმერთმა გვასწავლა, რომ ეს ცუდია, მაგრამ არავინ იცის, რა დაგვემართება. ისედაც გამწარებულ ოჯახს ისევ ნუ გაგვამწარებთ. მას ჰყავს დედა, შვილი, და. იმის მაგივრად, რომ გვერდით დავუდგეთ, პირიქით ვიქცევით.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
ასევე წაიკითხეთ: რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მიშა მესხზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ