დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის საკითხზე ბოლო პერიოდში განვითარებულ ამბებზე ისაუბრა. ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას.
"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც სპორტის სამინისტროს. ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.
ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!
სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.