"შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო" - რა საფრთხის გამო წააბრძანეს საქართველოდან სასწაულმოქმედი "დედოფალი"

"შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო" - რა საფრთხის გამო წააბრძანეს საქართველოდან სასწაულმოქმედი "დედოფალი"

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "დედოფალი ", რომელსაც პატრიარქმა "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა, შესაძლოა, დიდი საეკლესიო სკანდალის საფუძველი გახდეს. ხატის მცველები გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი არიან. "დედოფალი" 2014 წელს თავად მცველების მიერაა შექმნილი და მათ საკუთრებას წარმოადგენს. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა ყველა წმინდა ადგილი მოილოცა, რის შემდეგაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცველების მიერ, სამების ტაძარში იქნა გამობრძანებული. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც პორტაიტისა (კარიბჭისა) ეწოდება. ხატს ბევრი სასწაული უკავშირდება, მისი მოლოცვის შედეგად არაერთი ადამიანი განიკურნა მძიმე სენისგან. მრევლის მტკიცებით, "დედოფლის" ასლებს ხელებიც უთბება.

რამდენიმე დღის წინ კი, ხატის მცველებმა სკანდალური განცხადება გაავრცელეს. მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ხატის უსაფრთხოების მიზნით "დედოფალი" საქართველოდან წააბრძანეს. რა საფრთხე ემუქრებოდა სასწაულმოქმედ ხატს, ამის შესახებ ზურაბ შიოშვილი გვესაუბრა.

- თემა ძალიან მძიმეა, ეს დიდ რყევებს გამოიწვევს. ჩვენი სურვილი ამ ეტაპზე არის შევხვდეთ უწმინდესს, რაც აქამდე არ მოხერხდა. თუ შევხვდებით და გადაწყდება ხატის დაბრუნების საკითხი ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ღია წერილს გავავრცელებთ მისი უწმინდესობის სახელზე. ჯერჯერობით კი დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

იხილეთ ვიდეო: "იერუსალიმში "დედოფლის" გამოჩენა საოცრება იყო" - რა მოხდა ხატით წმინდა მიწის მოლოცვისას

- საეკლესიო პირებისგან ემუქრებოდა საფრთხე ხატის უსაფრთხოებას?

- ამ ეტაპზე ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ. სიმართლის დამალვას არ ვაპირებთ, უწმინდესს ველოდებით ჯერ. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც საკვირველმოქმედი ხატი მცველებთანაა დაბრძანებული და თავად ისინი დააბრძანებენ ხატს, როგორც საკუთარ ქვეყნებში, ისე უცხოეთშიც. ეს მართლმადიდებლობისთვის სიახლე არ არის. საქართველოშიც იყო ჩამობრძანებული ასეთი ხატი "ჰავაის ღვთისმშობელი" და ასევე რუსეთიდან სერაფიმ საროველის ხატის ასლი "მოალერსე" . ანალოგიური სიტუაციაა ჩვენს შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მწვავე აღმოჩნდა გარკვეული წრისთვის და ვერ ვხვდები, რატომ. ბევრი მოილოცავს "დედოფალს". უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, მოგეხსენებათ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი დაკარგულია ქართველებისთვის, იქ არაფერი აღარ არსებობს ქართული. არის ჯვრის მონასტერის იღუმენის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ "დედოფლის" წყალობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაიწეროს ამ ხატის ასლი, რომელიც დაბრძანდება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სადაც იქნება ქართული კუთხე. შესაძლოა ესეც იყოს ბოლო პერიოდში "დედოფლის" გარშემო განვითარებული ბრძოლების მიზეზი და თუ "დედოფლის" ასლის იქ დაბრძანებაც ჩაიშლება, ეს იქნება მხოლოდ ქართული მხარის მიზეზით!

- ცნობილია, რომ ხატი დაბრძანებული იყო სამების ტაძარში, აღავლენდნენ პარაკლისს... რა შეიცვალა ამის შემდეგ?

- თითქმის ერთი წლის მანძილზე, დიდ დღესასწაულებზე და მარხვაში ხატი გამობრძანებული იყო სამებაში. მაგრამ იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ, არ მოგვეცა არცერთ ტაძარში მისი გამობრძანების საშუალება. გვინდოდა პატრიარქთან გასაუბრება, მაგრამ სამების ტაძარშიც არ მოხერხდა მასთან შეხვედრა. საპატრიარქოში კი გვეუბნებოდნენ, პატრიარქი ყველას ვერ შეხვდებაო. შესაბამისად, რადგან გაჩნდა საფრთხეები, ლოგიკურია რომ გადავწყვიტეთ ხატის დაცვა.

- უფრო კონკრეტულად რა საფრთხე გაჩნდა?

- შესაძლოა ხატი საერთოდ გამქრალიყო. ამიტომაც წავაბრძანეთ "დედოფალი" ქვეყნიდან.

- პატრიარქის ერთ-ერთმა სტიქაროსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თქვენ გქონდათ ხატის სამებაში დაბრძანების საშუალება, შესაბამისად, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უჩვეულო იყო. თუ გაეცანით მის მოსაზრებას?

- ეს ცრუ ინფორმაციაა. თუ ვინმე ამბობს, რომ ხატის სამებაში დაბრძანების საშუალება და ხალხს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ჰქონდა, ტყუილია. საერთოდ ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, მეტი პატივი უნდა ვცეთ პატრიარქს და ვისაც ეს არ ეკითხება, განცხადებები არ უნდა აკეთონ. როდესაც ხატი გამობრძანდება, დიდი მსახურება სჭირდება. ხატის გამობრძანებაზე 2-3 დღის წინაც იყო საუბარი, მაგრამ ეს არ მოხერხდა.

- რომელ ქვეყანაში წააბრძანეთ "დედოფალი"?

- ვერ დავაკონკრეტებთ ქვეყანას. რადგან ბევრს მიუწვდება ხელი და ხატის უსაფრთხოების გამო თავს შევიკავებ ამ ინფორმაციის მოწოდებისგან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია