ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირადი გვერდით საჯაროდ მიმართავს ტელეწამყვან მაია ასათიანს. დეპუტატის გულახდილობის მიზეზი "პროფილის" ახალი სეზონის პირველი გადაცემა გახდა, რომელიც ინტერნეტ-ბულინგს შეეხებოდა.
"ვერ მოვითმინე რომ არ გამოვხატო საჯაროდ რაც გავიფიქრე... მოვისმინე მაია ასათიანის გადაცემის ბოლო სიტყვები: "...როცა ტალახის გუნდები დაიძვრება, იყავი ის ერთი, ვინც მსხვერპლის მხარეს დადგება... დუმილი დანაშაულია". მაია იმ ტელევიზიის ეთერით გვეუბნები ამას, რომლის უსამართლო ქმედებამ ბევრი ქალი (და არა მარტო) მსხვერპლად აქცია და ეს არ სრულდება... გრძელდება... დღეს რასაც მაყურებელს ეუბნებოდი, რასაც თავად გმობდი, რატომ აკეთებთ ამის საპირისპიროს??? მე ვგულისხმობ და ვგულშემატკივრობ ბევრ იმ ადამიანს, ვისაც ამ ტელევიზიის თავდასხმებით უდიდესი ტრავმა მიადგა... ტალახის გუნდა, არ მოაკლდა და სული ატკინა... შესაძლოა თავიც ვერ დაიცვა... იქნებ ამაზე თქვენს ზოგიერთ კოლეგას მეტი ეფიქრა და საკუთარი ქმედება კრიტიკულად შეეფასებინა? ძალიან გულწრფელად ნაფიქრი საჯაროდ გითხარი..." - წერს ბესელია "ფეისბუქის" გვერდზე.
"პროფილის" ახალი სეზონის პირველ გადაცემაში მოწვეული იყვნენ ცნობილი სახეები, რომლებიც სხვადასხვა დროს საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორის მსვერპლნი გახდნენ. მათ შორის მაია ასათიანმა საკუთარი თავიც მოიხსენია და გაიხსენა პერიოდი, როცა "პროფილის" მაღალი რეიტინგის მიუხედავად, მასზე არ წყდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ტელემაყურებლის მხრიდან.