არსებული შედეგებიდან გამომდინარე სახელმწიფო მწვრთნელს ამხელა თანხას ვერ გადაუხდის, - ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ხეჩიკაშვილის თქმით, სამინისტროს მიზანია, ყველა ფედერაცია და მწვრთნელი შედეგზე იყოს ორიენტირებული და ანაზღაურება შედეგების მიხედვით მოხდეს. "ის განუკითხაობის ეპოქა, როდესაც სახელმწიფოს ფულს არასწორად ხარჯავდნენ, აუცილებლად უნდა დასრულდეს და უნდა იყვნენ პასუხისმგებელი პირები, ვინც დაფინანსებას შედეგზე ორიენტირებით აიღებენ. რატომ არიან წინააღმდეგები, რომ შედეგის შემთხვევაში მიიღონ საკმაოდ კარგი გასამრჯელო, ჩემს გაკვირვებას იწვევს", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, სპორტის სამინისტრო არ ერევა ეროვნული ნაკრების მწვრთნელების დაკომპლექტების პროცესში, მაგრამ არსებული შედეგებიდან გამომდინარე მწვრთნელისთვის 120 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების გადახდა მიუღებელია.
"ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა დაკომპლექტება თავიდან ბოლომდე არის ფეხბურთის ფედერაციის და აღმასკომის პრეროგატივა და სამინისტრო არ ერევა. როდესაც დავინიშნე მინისტრად, პირველივე თვეს, ფედერაციამ მოგვმართა დაფინანსების თხოვნით, რომ მთავარი მწვრთნელი დაფინანსებულიყო დაახლოებით 120 ათასი ლარის ოდენობით. ბუნებრივია, ჩემთვის ეს, გამომდინარე შედეგებიდან, მიუღებელი იყო. ამიტომ მაშინდელ ფედერაციას მივმართე, რომ გამოეძებნათ თანხები. არსებული შედეგებიდან გამომდინარე სახელმწიფო ამხელა თანხას ვერ გადაუხდის მწვრთნელს", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისი განცხადებით, სპორტის სამინისტროს ეჭვი არ შეაქვს კახა ცხადაძის კვალიფიკაციაში, მაგრამ არსებობს პრიორიტეტები, სადაც უფრო მეტი თანხის დახარჯვაა საჭირო. უწყების მიზანი კი, სისტემის შეცვლა და თანხის პრიორიტეტების მიხედვით დახარჯვაა.
"ქართული ფეხბურთი დაღუპა იმან, რომ ყველა ერთმანეთს უცინის, ყველა ერთმანეთს ეფერება და სიმართლის თქმა ერიდებათ ერთმანეთისთვის. სიმართლე ხშირ შემთხვევაში იმალება. მე მეყო ვაჟკაცობა და ვუთხარი პირდაპირ ჩემი მოსაზრება, რომ უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველა სახეობაში. მე გავაჟღერე ის, რასაც სხვები ვერ ეუბნებოდნენ და ამიტომ მთელი რისხვა წამოვიდა ჩემს მიმართ. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო კახა ცხადაძე და საკმაოდ კარგი მწვრთნელია. არავინ უკარგავს მას თავის კავალიფიკაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამხელა თანხა უნდა ვიხადოთ. აქ არ არის კახაზე საუბარი. ჩემი მიზანია, სისტემა შეიცვალოს და ის პრიორიტეტები, რაც არის ქართული ფეხბურთისთვის, იქ დაიხარჯოს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გუშინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი შეცვლა უნდა. როგორც ცხადაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში, რომელიც მის გადადგომას უკავშირდება, იკვეთება ტარიელ ხეჩიკაშვილის პირადი დამოკიდებულება მის მიმართ და ასევე იმ ადამიანის მიმართ, ვისი დანიშვნაც მის ნაცვლად სურს. ცხადაძის თქმით, თავად მინისტრმა უთხრა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ხელფასს აღარ გადაუხდიდა.
ცხადაძის განცხადებით, საბონუსო სისტემაზე ამის შემდეგ უკვე ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში კობიაშვილის ბრალი არ არის, რადგან კობიაშვილი დამოკიდებულია დაფინანსებაზე, რომელსაც სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გამოყოფს.
"ფეხბურთის ფედერაციას თუ გვერდში არ დაუდგა მთავრობა და ფინანსურად თუ არ დაეხმარა გაუჭირდება. შექმნილ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეკისრება", - განაცხადა ცხადაძემ.