ვაძლევ პირობას ბათუმელებს, საინიციატივო ჯგუფს, გულშემატკივრებს ქვეყნის მასშტაბით, რომ ბულვარის მესამე სასეირნო ზოლი იქნება აღდგენილი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ბათუმის ბულვარის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მწვანე საფარი, რომელიც მეორე ზოლის სანაცვლოდ იყო განსაზღვრული, გაუქმდება და ფილებით სასეირნო ბილიკი გაკეთდება, "ისე, როგორც ბათუმელებს უნდათ".
არჩილ ხაბაძის განცხადებით, კონსულტაციები გაიმართება სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან და საკითხი სამართლებრივად სწორად გადაწყდება.
"მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან არის მზაობა, რომ ბულვარის სამივე სასეირნო ზოლი უნდა აღდგეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ბათუმელების, ბულვარის გულშემატკივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. რამდენიმე დღე კიდევ დამჭირდება და ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ ეს პროცესი სამართლებრივად სწორად განხორციელდეს იმ მხარეებთან, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმეში, ეს იქნება კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს თუ ბულვარის ადმინისტრაცია", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ბათუმის ცენტრალურ ბულვარში სასეირნო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, სამი სასეირნო ბილიკიდან ერთი უნდა გაუქმდეს, მის ნაცვლად კი მწვანე მოლი გაკეთდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმელებმა საპოტესტო აქციებითა და სოციალური კამპანიით გააპროტესტეს.