რატომ არიან წინააღმდეგები, რომ შედეგის შემთხვევაში მიიღონ საკმაოდ კარგი გასამრჯელო, ჩემს გაკვირვებას იწვევს, - ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ხეჩიკაშვილის თქმით, სპორტის სამინისტრო არ ერევა ეროვნული ნაკრების მწვრთნელების დაკომპლექტების პროცესში, მაგრამ შედეგებიდან გამომდინარე მწვრთნელისთვის 120 ათასი ლარის ოდენობით ანაზღაურების გადახდა მიუღებელია.
"ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა დაკომპლექტება თავიდან ბოლომდე არის ფეხბურთის ფედერაციის და აღმასკომის პრეროგატივა და სამინისტრო არ ერევა. როდესაც დავინიშნე მინისტრად, პირველივე თვეს, ფედერაციამ მოგვმართა დაფინანსების თხოვნით, რომ მთავარი მწვრთნელი დაფინანსებულიყო დაახლოებით 120 ათასი ლარის ოდენობით. ბუნებრივია, ჩემთვის ეს, გამომდინარე შედეგებიდან, მიუღებელი იყო. ამიტომ მაშინდელ ფედერაციას მივმართე, რომ გამოეძებნათ თანხები. გამომდინარე შედეგებიდან სახელმწიფო ამხელა თანხას ვერ გადაუხდის მწვრთნელს", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
სპორტის მინისტრის განმარტებით, სამინისტროს მიზანია, ყველა ფედერაცია და მწვრთნელი შედეგზე იყოს ორიენტირებული და ანაზღაურება შედეგების მიხედვით მოხდეს. "ის განუკითახობის ეპოქა, სადაც სახელმწიფოს ფულს არასწორად ხარჯავდნენ, აუცილებლად უნდა დასრულდეს და უნდა იყვნენ პასუხისმგებელი პირები, ვინც დაფინანსებას შედეგზე ორიენტირებით აიღებენ. რატომ არიან წინააღმდეგები, რომ შედეგის შემთხვევაში მიიღონ საკმაოდ კარგი გასამრჯელო, ჩემს გაკვირვებას იწვევს", - აღნიშნა მინისტრმა.
ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სპორტის სამინისტროს ეჭვი არ შეაქვს კახა ცხადაძის კვალიფიკაციაში, მაგრამ არსებობს პრიორიტეტები, სადაც უფრო მეტი თანხის დახარჯვაა საჭირო. უწყების მიზანი კი, სისტემის შეცვლა და თანხის პრიორიტეტების მიხედვით დახარჯვაა.
"ქართული ფეხბურთი დაღუპა იმან, რომ ყველა ერთმანეთს უცინის, ყველა ერთმანეთს ეფერება და სიმართლის თქმა ერიდებათ ერთმანეთისთვის. სიმართლე ხშირ შემთხვევაში იმალება. მე მეყო ვაჟკაცობა და ვუთხარი პირდაპირ ჩემი მოსაზრება, რომ უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველა სახეობაში. მე გავაჟღერე ის, რასაც სხვები ვერ ეუბნებოდნენ და ამიტომ მთელი რისხვა წამოვიდა ჩემს მიმართ. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო კახა ცხადაძე და საკმაოდ კარგი მწვრთნელია. არავინ უკარგავს მას თავის კავალიფიკაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამხელა თანხა უნდა ვიხადოთ. აქ არ არის კახაზე საუბარი. ჩემი მიზანია, სისტემა შეიცვალოს და ის პრიორიტეტები, რაც არის ქართული ფეხბურთისთვის, იქ დაიხარჯოს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.