ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა შეიცვალოს. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. ფინანსთა სამინისტროსთან დაწყებული კონსულტაციები სწორედ ამ თემას ეხება.
"9 წელზე მეტი წლოვანების მანქანების განბაჟებისთვისაც უფრო შეღავათიანი რეჟიმი იქნება, რათა მათ, ვინც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ყიდულობდა, განბაჟების შემცირების ხარჯზე, მარცხენასაჭიანი მანქანები უფრო ხელმისაწვდომი გაუხდეთ. იქნება ზღვრული მაჩვენებელი რაციონალური წლოვანებიდან გამომდინარე, როცა ავტომობილის განბაჟება უფრო იაფი იქნება", - განმარტავს შალვა ხუციშვილი.
ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა, თუმცა შენიშვნების გათვალისწინებით.