პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურაა შესული. წარდგენილი კანდიდატების ვინაობას ადმინისტრაციაში არ ასახელებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესენი არიან გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე, არჩილ იაკობაშვილი და გიორგი ფაილოძე.
"რა? სად? როდის?" კლუბის წევრი გიორგი ბაქრაძე ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. ეკონომისტი ნია შარაშიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქმიანობს, არჩილ იაკობაშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, რაც შეეხება გიორგი ფაილოძეს, ის პროფესიით ფინანსისტია და ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების მიღებას 27 იანვარს დაასრულებს, რის შემდეგაც დარგის ექსპერტებთან კანდიდატურების განხილვა დაიწყება.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს.