ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ დაქირავებულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს გამოძიების ფარგლებში, ყველა ექსპერტიზაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილთან მისი და კუჭავას მეუღლის, ასევე ადვოკატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ყველა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მივიღებ მონაწილეობას, მათ შორის შემთხვევის ადგილების დათვალიერებაშიც. ეს იყო თბილისის პროკურორის კეთილი ნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, თუ როდის დაიწყება ექსპერტიზები, ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ამას ადვოკატებს შეატყობინებენ.
კომენტარი თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ შაყულაშვილმა მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ამ დრომდე გარდაცვლილ კუჭავას არც ბრალდებულის და არც დაზარალებულის სტატუსი არ გააჩნია. ნათია კორკოტაძის ინფორმაციით, მათ პირობა მიიღეს, რომ უახლოეს ორ დღეში კუჭავებს გარდაცვალების საქმის მასალები ადვოკატებს გადაეცემათ.
რაც შეეხება გამოძიების ინფორმაციით, თვითმკვლელობის მომენტში ბიძინა კუჭავასთან ერთად მყოფ დავით პოპოვს, ნათია კორკოტაძის თქმით, მიხეილ შაყულაშვილს ამ საკითხზეც დაესვა შეკითხვა. ადვოკატი აცხადებს, რომ თბილისის პროკურორისგან მიიღო პასუხი, რომ პოპოვის მიმართ, მისი ჩვენებიდან გამომდინარე, ამ დროისათვის რაიმე პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება.
"შაყულაშვილმა გვითხრა, რომ ამ დროისთვის პოპოვის ჩვენებიდან გამომდინარე არ იკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა პროკურატურა აგრძელებს სხვა მოწმეთა დაკითხვას და თუკი რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, პოპოვი შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს, თავი შეიკავოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი განცხადებებისგან.